კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი
- 26/03/19
- 1260 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა გაავრცელა.
ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წლიდან ის ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
ის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე იყო რუსთაველის თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება".
უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში".
ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და სხვ.


