"ეს კადრები რომ ვნახე ტელეფონი ხელიდან გამივარდა..."


 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ყოფილი თანაგუნდელის შალვა შავგულიძის "ევროპული საქართველოს" წევრების გვერდით დანახვა.

"ნამდვილად არ ველოდებოდი ამას. როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ხედავ, ადამიანს, რომელიც შამპანიურით სავსე ჭიქას უჭახუნებს ადამიანს, რომელიც არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც გირგვლიანის მოკლა. მე რომ ვნახე ეს კადრები, ტელეფონი გამივარდა ხელიდან, გულწრფელად გეტყვით. ნამდვილად არ ველოდებოდი ამას",- განაცხადა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში.
 

21 მარტს პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესახებ განაცხადეს. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

მანამდე შავგულიძე ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში სანდრო გირგვლიანის საქმე გაიხსენა, რასაც შავგულიძემ "ბინძური ცილისწამება" უწოდა. ივანიშვილის  შეფასებას არ იზიარებენ მისი რიგი თანაგუნდელები. კერძოდ, ზაქარია ქუცნაშვილი გამორიცხავს, რომ იმხანად შავგულიძე ორმაგ თამაშს თამაშობდა.