"დიახ ვეჭვიანობ, რადგან სალომე ცამდე მიყვარს..." - საქართველოს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს?!

მალე „იმედზე“ შოუ „ყველაზე ძლიერი“ დაიწყება. შოუში ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, მათ შორის - მოცეკვავეები, მოდელები, მსახიობები, ტელეწამყვანები... ისინი სამხედრო წვრთნებს მანავში გადიან.

როდის გავა ეთერში, ჯერ არ არის ცნობილი. შოუში მონაწილეობენ სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილი. „პრაიმტაიმის“ სამიზნე ამჯერად ეს წყვილია. ტანდემი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეიკრა. გიორგის და სალომეს რომანზე გავრცელებული ჭორიც, ალბათ, იმ პერიოდიდან იღებს სათავეს. მაცდურად სექსუალური სალომეს პარტნიორები შოუს დასრულების შემდეგ, ხშირად, მასზე შეყვარებულ მამაკაცებად გვევლინებიან ხოლმე. ამის მაგალითები არსებობს. მოკლედ, სანამ ამბის გადასამოწმებლად მთავარ გმირებს შევეხმიანებოდით, ამ ურთიერთობაზე მოვიკითხეთ. ზოგმა თქვა, ეს ჭორი ნამდვილად დადის და სიმართლე უნდა იყოსო. ზოგმა თქვა ასეა, ერთად არიან, უბრალოდ, მალავენ და არ იმჩნევენო. ისიც ითქვა, სალომე ვერ იტანს „გილიგასო“...

გიორგიმ დღე მშვიდობისა გვისურვა. შოუზე არაფერი თქვა, რადგან ჯერ ამაზე საუბარი ეკრძალებათ.

გიორგი გილიგაშვილი: - უფლის ნების გარეშე, არაფერი ხდება. ასე რომ მზის გარდა არაფერს ველოდები.

- სიყვარულს?

- თუ ჩემში სიყვარული არ არის, აბა, რაღაა ჩემი ცხოვრება? ჩემში არის სიყვარული. მე მზეს ველოდები და მზეში მოაზრებულია სითბო, სინათლე, სიცოცხლე...

- გიორგი, ჭორაობენ, რომ თითქოს თქვენსა და სალომე ჭაუჭუას შორის რომანია.

- (იცინის) ის ჩემი დობილია. სალომე ზეცამდე მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრია. და მისი ოჯახი, ჩემი ოჯახია. დობილია და წერტილი. სალომე საოცარი და ლეგენდარულია. თავის თავზე ზევით არაერთგზის დადგა. მას უფალი მფარველობს და ეს გამოვლინდა.

- „თავის თავზე მაღლა დადგაში“ რას გულისხმობთ?

- ბევრ რამეს, მშვენიერო. როგორც ჩემთან ურთიერთობაში, თავის თავთან ურთიერთობაში, ისე მეგობრებთან, საზოგადობასთან...

- კვამლი უცეცხლოდ არ არისო, რატომ გავრცელდა ეს ჭორი?

- (იცინის) ეგ რომანს უნდა კითხოთ.

- განმარტოებით ხშირად გხედავენ...

- ვერ გეტყვით, რა გითხრათ. როდესაც და-ძმას განმარტოებით დაინახავენ, ჭკუა თუ აქვთ, სხვაგვარად არ უნდა იფიქრონ.

- გიორგი, ცეკვისას სალომეს პარტნიორებმა ვერ გაუძლეს მის ცდუნებას და მასთან ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. თქვენ როგორ გაუმკლავდით ამ ცდუნებას?

- მშვენიერო, მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ. ჩემი ფიქრი და ჩემი ცხოვრების წესი - ჩემია. ყველამ თავისი იცოდეს, მე ჩემი მეცოდინება. როდესაც რაიმეს ვამბობ, ვიცი, რაოდენ მართალი ვარ ჩემს სიტყვებთან, თავთან, ღმერთთან... სალომე საცდური არ არის. ის ადამიანია სუსტი, ვინც ცდება და არა საცდურია ძლიერი. სალომე ერთი მხარე არ არის მხოლოდ, მხოლოდ სალომე არ არის სატყუარა. ასე ლაპარაკი არ მომწონს. ვაჟი თვითონ უნდა იყოს ძლიერი. რაც მას ვნებით ზიანს აყენებს, არ უნდა გააკეთოს. უფალმა უწყის, ხვალ და ზეგ „გილიგას“ სად ნახავთ, რომელ გემზე ან რომელ ოკეანეში. მაგრამ ამ სიტყვას კუბოს კარამდე დავმარხავ. სალომე ჩემი დობილია და წერტილი.

სალომემ აბსურდულად ჩათვალა გიორგისთან რომანზე კომენტარის გაკეთება.

სალომე ჭაჭუა: - მე და გიორგი მეგობრები ვართ. მილიონი პროცენტით გამორიცხულია ჩვენი რომანი. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. საოცარი, ღრმა და ყველაზე კეთილშობილი ადამიანია. ერთ-ერთი განსხვავებული ადგილი უჭირავს ჩემს მეგობრებს შორის.