"რომელიმე ჩვენგანი რომ დააკავონ უარესი მოხდება" - პანკისელები

პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება, - ასე გამოეხმაურნენ ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას. 

ადგილობრივები ამ წუთებში სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. მათივე თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს,როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

"ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს?გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი", - აცხადებენ ადგილობრივები.

შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.