მამამ, რომელსაც შრი-ლამკის ტერაქტის დროს ორივე შვილი დაეღუპა უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო

შრი-ლანკაში ტერაქტის დროს სასწაულით გადარჩენილმა 61 წლის ლონდონელმა მეთიუ ლინსმა ორი შვილი დაკარგა. ის ყვება, როგორ ცდილობდა მათ გადარჩენას.

აღდგომის კვირა დღეს მეთიუ თავის 15 წლის ქალიშვილთან და 19 წლის ვაჟთან ერთად კოლომბოში სასტუმრო Shangri-La-ში იმყოფებოდა, როცა ტერორისტებმა გეგმის ამოქმედება დაიწყეს. აფეთქებისას მისი ორივე შვილი დაიჭრა. სწორედ მაშინ მამა ყველაზე საშინელი არჩევანის წინაშე დადგა - რომელი გადაერჩინა.

მეთიუს მოუწია შვილების მდგომარეობა ადგილზევე შეეფასებინა. ჩათვალა, რომ ვაჟის ჭრილობა უფრო სერიოზული იყო. შეეცადა ის გონებაზე მოეყვანა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, რომ იქ ქალიშვილი დაეტოვებინა, ბიჭი კი საავადმყოფოში წაეყვანა. ქალიშვილის მიხედვას მას იქვე მყოფი ქალი დაჰპირდა.

„ჩემი ვაჟი ხელში აყვანილი გამოვიყვანე შენობიდან. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა საავადმყოფოში. ვყვიროდი - უშველეთ ჩემს ბიჭს-თქო...“ - იხსენებს მეთიუ.

უკან დაბრუნებულმა ქალიშვილი ვეღარ იპოვა. მოგვიანებით, შეიტყო, რომ ის გარდაიცვალა. საავადმყოფოში დაიღუპა მისი ვაჟიც.

ტერაქტების სერიის შედეგად შრი-ლანკაში სულ 321 ადამიანი დაიღუპა, 520-ზე მეტი კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 45-ზე მეტი ბავშვია.