სამსახურში ჩახუტება, ხვევნა, კოცნა და მტლაშა-მტლუში იკრძალება

რამდენად თბილი და მოსიყვარულე ხარ შენი კოლეგების მიმართ? თუ ფიქრობ, რომ სამსახურში ვინმესთან შეხებაზე ფიქრიც კი ცუდ ხასიათზე გაყენებს ან უფრო მეტიც, ამაზე გაკანკალებს, მაშინ თავისუფლად შეიძლება იმ ადამიანთა რიგებში ჩაეწერო, ვინც ამბობს, რომ ჩახუტება და კოცნა სამუშაო გარემოში უნდა აიკრძალოს.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ ვებგვერდმა Totaljobs სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილე 2 ათასი დასაქმებულიდან ყოველი მესამე ამბობს, რომ კოლეგებს ან კლიენტებს გაურბიან, თუ ამჩნევენ, რომ ჩახუტება სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი მოქმედებები უხერხულია და სამუშაო ადგილზე ფიზიკური კონტაქტი საერთოდ უნდა აიკრძალოს.

გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ისინი არასასურველი ჩახუტების „მხვერპლნი“ გახდნენ, 19% არასასურველ კოცნაზე საუბრობს, 15%-ს კი არ სურდა, მეორე ადამიანთან გულმკერდით შეხება. მათი უმრავლესობა, კვლევის მიხედვით მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, სამსახურში მკაფიოდ გაწერილი ჰაიდლაინი არსებობდეს, თუ როგორ უნდა მიესალმონ ერთმანეთს სამუშაო ადგილებზე.

სტატიის ავტორი წერს: „პრინციპში, ამ კვლევაში გასაკვირი არაფერია, ჩვენ ხომ ბრიტანელები ვართ. ჩვენ არ ვართ ბუნებით მოსიყვარულე ერი, თუმცა ყოველდღე გვიწევს სამსახურშიც და სამსახურის გარეთაც სხვა ეროვნების ხალხთან შეხება და გასაკვირი არაა, რატომ არის ჩვენთვის ყოველდღიური ფიზიკური შეხება არაკომფორტული“.

ყველაფერი კი დაიწყო ცნობილი კამპანიით #MeToo – ამ ჰეშთეგმა თავის დროზე მთელი მსოფლიო მოიცვა და ის სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა. „დღევანდელ დღეს ისიც კი არ შეგიძლია, რომ გოგონას მუხლზე ხელი ჩამოადო“, – უკმაყოფილოა ზოგიერთი (როგორც წესი ასაკოვანი) მამაკაცი.

არავინ ეჭვობს, რომ ასეთმა მიდგომამ და გარკვეული სტანდარტების დაწესებამ სამუშაო ადგილებზე, ასევე უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუ ასე პირდაპირ აიკრძალება ფიზიკური კონტაქტი ოფისში, გამორიცხული არაა, თანამშრომლებს შორის დაძაბულობა გაჩნდეს.

თუ სამსახურში ურთიერთობებს შორის საზღვრები არ არსებობს და საჭიროა რადიკალური მიდგომა, რათა სტაფმა თავი კომფორუტლად იგრძოს, “გარდიანი” წერს, რომ მაშინ აკრძალვა საჭიროა.  მეორე მხრივ, სტატიაში ხაზგასმულია, რომ შვილებს უნდა ვასწავლოთ, თუ მათ არ სურთ, არ სჭირდებათ არც ჩახუტება და არც კოცნა და არ არიან ვალდებული, ეს იძულების წესით, ხელმძღვანელთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების ან სხვა რაიმე მიზეზის გამო გააკეთონ. ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ შვილებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.