გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ...

მე, ჩემი მუცელი და ისევ მე

გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ და საერთოდ, მახინჯები ხართ

მე 34 წლის ვარ. ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე როგორ უნდა დავმალო ფიზიკური ნაკლი ისე, რომ ის ან ნაკლებად, ან საერთოდ არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ ეს ნაკლი ჩემი ასაკის და უფრო პატარა ასაკის ქალების დიდზე დიდ პროცენტს აწუხებს, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის შვება არ არის.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავფეხმძიმდი. 6 თებერვალი იყო. ესპანურის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. ყინავდა. გზად აფთიაქში შევიარე და ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. გული ისეთი გამეტებით მიცემდა, რომ ძლივს მოვახერხე არაჟნის ქილისთვის შარდის დამიზნება. ნერვიულობისგან მოყინული თითებით გავხსენი ტესტი და შარდიან ქილაში ჩავდე. ორივე ხაზი გაწითლდა. ორსულად ვიყავი. უკვე 11 წელია ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ მოიხსენიება. თვით მარიტას დაბადებამაც კი ვერ ჩაანაცვლა ეს დღე. იმიტომ, რომ ამ დღეს გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან და შიშისგან, რომ შვილი არ მეყოლებოდა.

იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით ვდგებოდი სარკის წინ პროფილში და გაბრტყელებულ მუცელს ვაკვირდებოდი. გაბრტყელებული მუცელი საღამოთი შემებერებოდა ხოლმე, არაფერი განსაკუთღებული, უბრალოდ საღამოობით მუცელი საჭმლით მქონდა სავსე...

3 თვის თავზე, დილით რომ ავდექი და მუცელი ისევ გაბრტყელებული დამხვდა, ექიმთან წავედი და ჩავაცივდი, კარგად დააკვირდი მაგ შენ ეკრანს, მგონი სულ ტყუილად ვფიქრობთ, რომ ორსულად ვარ-მეთქი. ერთი კი გადმომხედა გაოცებულმა, სავარაუდოდ იფიქრა, რომ მაგრად ვურევდი და მითხრა: „აი ნახე, ამ მუხუდოს მარცვალს ხედავ? აი ეგ არის შენი შვილიო და თუ გინდა კიდევ უფრო მეტად დარწუნდე, რომ მაგ გაბრტყელებულ მუცელში მართლა გიზის შვილიო, აჰა, გულის ცემასაც მოგასმენინებო“. მე მაშინ დამიმშვიდდა გული, როცა მუცლიდან ჩემი შვილის აჩქარებული გულის ცემის ხმა გავიგე. წუთში 146-ს უტყამდა. მისი გული ისე ცემდა, როგორც მიმავალი მატარებელი.

თუმცა, დილაობით სარკის წინ პროფილში დგომა ისევ გაგრძელდა. ხუთ თვეს რომ გადავცდი, მუცელი მაშინღა დამეტყო და ამოვისუნთქე. რა ვიცი, მაინც ვერ ვენდობოდი იმ ექიმს და მის მონიტორს. უფრო მყარი არგუმენტი მჭირდებოდა - გამობერილი მუცელი და აჰა, ხუთი თვის თავზე მივიღე კიდეც ეს არგუმენტი.

მეშვიდე თვიდან მუცელმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ზრდა, რომ ცოტა არ იყოს და შევშინდი. ჯერ კანი გათხელდა მუცელზე, მერე ჭიპი გადასწორდა და ბოლოს ზოლები გაჩნდა - ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეასე და მშობიარობის წინა დღეს მუცელს რომ შევავლე თვალი, წამომაზიდა - სტრიებს აღარ დაეტოვებინათ გლუვი კანისთვის ადგილი.


წაიკითხეთ  სრულად