დედის ლოცვა, რომელიც ყველა დედამ ყოველ დილით უნდა წაიკითხოს
- 06/05/19
- 6864 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რჩევა-დარიგებებს გვაძლევს, მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).
ლოცვის მადლი
ლოცვა დიდი ძალის და მადლის მატარებელია. როდესაც ადამიანი ღრმად ლოცულობს მას შეუძლია ნებისმიერ კეთილ საქმეს შეეჭიდოს და ძლიერი მტერიც კი დაამარცოს.
ბიბლიიდან ცნობილია, ლოცვით როგორ დამარცხდა მრავალი ათასი ბოროტების მომტანი ჯარი.
ლოცვას ძლიერი დამცავი ძალა აქვს, რომლის წინაშეც თვით უფალიც კი მოიდრიკება.
თუნდაც არ სურდეს უფალს რაიმეს ასრულება, ძლიერი ლოცვით შესაძლებელია თქვენთვის მაინც გამოიღოს მოწყალება.
მორწმუნეს აქვს ბევრი განსაცდელი, რომელთა დასაძლევადაც ღმერთს ავედრებს თავს. იგი სწორედ ლოცვით იცავს საკუთარ თავს ყველა უბედურებისაგან.
დედის ლოცვის ძალა
დედის ლოცვა უძლიერესია და ერთ-ერთი ლოცვათაგანია, რომლის წინაშეც უფალი ყოველთვის იდრეკს თავს.
დედას უფალი ყოველთვის განსაკუთრებულად უსმენს და მის შვილებს საკუთარი მფარველობის ქვეშ იღებს, „უფალი განაწესებთ მათ ღვთის სასუფეველში“.
რას უნდა აკეთებდეს დედა ამაზე უფრო მეტს და კარგს საკუთარი შვილებისათვის.
დედის მფარველი ხატია წმინდა ღვთისმშობლის ხატი.
არსებობს სპეციალური ლოცვები, რომლებიც იკითხება შვილებისათვის.
დედის ლოცვა
„ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამსა დღისასა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჯამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად.
ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“. ( საქართველოს საპატრიარქო).
დედის წინათგრძნობა
ხშირია შემთხვევა, როდესაც დედას აქვს წინათგრძნობა კარგის ან ხშირ შემთხვევაში ცუდის მიმართ. არიგებს შვილებს, რომ ცუდს უგრძნობს გული და არ გააკეთონ მსგავსი რამ, არ წავიდნენ სადმე, არ დაიგვიანონ და ა.შ.
უფალმა დედას და საერთოდ მშობელს მისცა მადლი და ძალა, რომლითაც ისინი შვილებს სწორ გზაზე სიარულს უნდა ასწავლიდნენ.
დედას მისცა ბაგეები, რომლითაც შვილების სავედრებელი სიტყვები და ლოცვები უნდა წარმოსთქვას.
დედას, როდესაც გული ცუდს წინასწარ უგრძნობს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ლოცვა. უფალს უნდა შესთხოვოს შემწეობა და მფარველობა.
ძლიერი ლოცვები განსაცდელს აუცილებლად აარიდებს მის შვილებს და ცუდი არაფერი მოხდება.
დიდი განსაცდელიც კი ოდნავ და მსუბუქად თუ შეეხება მას.
შესაწირი შვილების სახელზე
ხშირად ხდება, როდესაც მშობელი წინასწარ დებს სიტყვას, რომ თუ მისი შვილი რაიმეს დაძლევს, შესაწირს გაიღებს უფალთან, – ეს არასწორია.
უფალს არ სჭირდება რაიმეს გამო შეწირული ცხვარი, მას მხოლოდ ჩვენი კეთილდრეობა სურს.
წინასწარი შეპირებები, ხშირ შემთხვევაში რომელიც არც კი სრულდება, საკუთარი თავის შეკვრაა, შებოჭვაა.
ეს, ერთი მხრივ, კადნიერებაც არის.
ამ დროს იჯერებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობას, რომ შესაწირის გაკეთებით, იგი ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს და ამით ღმერთს უტოლებს თავს.
უფალი არის მამა, ძე, სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამება. ლოცვით და სწორი ცხოვრებით უნდა დავუახლოვდეთ მას და ამით ავირიდოთ ყველანაირი განსაცდელი.
რაიმეს გამო შესაწირს, სჯობს, მარხვის დაცვა, ზიარება, ეკლესიური ცხოვრება, რწმენის გაძლიერება. თუნდაც ერთი სანთელის დანთებაა საკმარისი, რათა ჩვენი გასაჭირი უფალმა გულთან მიიტანოს.
ყველაზე მეტი დიდი შესაწირია გაჭირვებულის დახმარება.
ქრისტეს მოსვლამდე ცხვრის შეწირვა, დაკვლა აუცილებელი იყო, „ვითარცა ცხვარი შეეწირა“.
უძლიერესი დავრდომილობის დროსაც კი არ არის აუცილებელი ცხვრის, ფრინველის დაკვლა. ძლიერი ლოცვით და რწმენაში ყოფნით, უფალი ისედაც ბევრ სიკეთეს გამოიღებს.
წყევლა
ქრისტიანულად გამორიცხულია მაწყევარობა.
დაუშვებელია დედისგან შვილის დაწყევლა.
შვილის წყევლა ღვთისათვის საძულველი მოქმედებაა.
„მოყვასის სიკეთის სურვებისას, ას წილ სიკეთეს იღებ, სიბოროტის სურვებისას, ას წილ ბოროტებას ირებ“.
დედისაგან შვილის წყევლა აუცილებლად სრულდება შვილზე და დედასაც უკან უბრუნდება.
შვილები ამის გამო იტანჯებიან და არ ეწყობათ ცხოვრება.
როგორც მშობელი, ისევე შვილიც კრძალვით უნდა იყოს მშობლისადმი დამოკიდებული.
დაუშვებელი და მიუღებელია დედის და საერთოდ მშობლის დამცირება, ლანძღვა-გინება.
მშობელი ღვთისგანაა დადგენილი, რომელსაც შვილი ყოველდღიურ პატივს უნდა აგებდეს.
სწორედ ასეთი შვილები არიან ჯანმრთელები და ცხოვრებაშიც ხელი ემართებათ, აქვთ უფლის მფარველობა.
კარგად აღზრდილ შვილებს მარადიულ ცხოვრებაშიც ელით კეთილდღეობა.
შვილის აღზრდა
მშობელმა შვილის აღზრდა მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს.
პირველი ნაბიჯია – ნათლობა.
შვილი უნდა მოინათლოს დაბადებიდან 1 კვირაში, რაც სწრაფად მოინათლება, მით უკეთესია.
მონათლული ბავშვი სწორი, ეკლესიური ნაბიჯებით, პირველ საფეხურზეა.
ამის შემდეგ მშობელმა უნდა აღზარდოს ეკლესიურად.
„პატივ ეც დედასა და მამასა შენსა, რომ დღეგრძელ იყო და გეყოს ქვეყანასა ზედა“.
ბავშვები, ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, უფრო სწრაფად იღებენ სარწმუნოებას.
მონათლულ ბავშვს, აუცილებლად მოეთხოვება მშობლების პატივისცემა. იგი უნდა იყოს მათთან კრძალული.
ყველა შემთხვევაში შვილი მშობლის სიტყვას უნდა აფასებდეს და მშობელიც ლოცვით უნდა აძლიერებდეს შვილებს.
დიდი მადლი აქვს, როდესაც რაიმე საქმის დაწყების ან თუნდაც ქუჩაში გასვლის წინ მშობელი შვილებს ლოცავს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II ამბობს, „აიღეთ კურთხევა მამისაგან და დედისაგან, როდესაც სახლიდან გადიხართ ან როდესაც სახლში ბრუნდები“.
მშობლებო ხშირად დალოცეთ შვილები.
შვილების მფარველი ხატია წმინდა ბარბარე.