"მამის გარდაცვალებას ვერ ვეგუები... არ ვიცი რა ვქნა..."
- 09/05/19
- 2123 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნინი ბადურაშვილს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით გულწრფელი საუბრისთვის. მის ცხოვრებაში ბოლო დროს მნიშვნელოვანი რამ მოხდა, დაკარგა საყვარელი ადამიანი და როგორც ამბობს, მამის, ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებას დღემდე ვერ აცნობიერებს…
ახლა ძალიან ბევრ საქმეშია ჩართული, თუმცა ამბობს, რომ სიცარიელეს, რომელიც მამის გარდაცვალებამ დაუტოვა, ვერაფერი ამოუვსებს.
ნინი, თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვს…
სულ ასე ვარ. ბავშვობიდან დაკავებული ვარ, თუმცა ახლა განსაკუთრებით – გადაცემა, კინო, სიმღერა, თავისთავად… წამოვიწყე ბევრი ახალი საქმე, მათ შორის, ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც შევქმენი. პატარა კოლაბორაცია გამომივიდა ქართულ ბრენდთან „კომოდი“. შეიძლება, ამ კუთხითაც გავაგრძელო მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან დაღლილი ვარ და დროს ვეღარ ვანაწილებ. ვიღლები და ვეღარ „ვქაჩავ“. სულ საათზე ვიყურები. ეს მაგიჟებს.
მამას ფილმს დაასრულებთ?
რასაკვირველია. ათ დღეში იგეგმება გადაღების გაგრძელება. ჩამოდიან ჩვენი თურქი პარტნიორები. მცირე ნაწილია გადასაღები. ისეთს გავაკეთებთ, როგორიც ერეკლეს უნდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ.
ალბათ, სიცარიელის შეგრძნება გექნება, როცა გადასაღებ მოედანზე მის გარეშე დაბრუნდებით?
ისე მიჭირს… რაღაცნაირად ვერ ვეგუები. ვისაც დაკარგული ჰყავს მშობელი, ვეკითხები, როგორ შეძლეს ამასთან შეგუება. ყველა მპასუხობს, რომ ამ დანაკარგთან შეგუება შეუძელებლია, უბრალოდ, ამით ცხოვრობ. ეგუები იმას, რომ ხორციელად შენ გვერდით აღარ არის, მაგრამ შენ შიგნით ყოველთვის არსებობს. მჯერა, რომ სადღაც ეს კონტაქტი არსებობს. ამ ტკივილთან ერთად უნდა იარსებო. არ არსებობს, დღეში რამდენიმეჯერ რომ არ გამახსენდეს. სულ მინდა, დავურეკო, ახალი ამბავი გავუზიარო.
ალბათ, გადასაღებ მოედანზე ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ყველა მოტივირებულია, რომ ფილმი კარგი გამოვიდეს. თავად გავუწევ ამას კონტროლს, თუმცა უამრავი პროფესიონალი მუშაობს, მათ შორის პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე. მერაბ კოკოჩაშვილმა გვითხრა, რომ ჩაერთვება მონტაჟის პროცესში. ეს ძალიან დიდი საქმეა. მთელი კინოსტუდია არის ჩართული, რომ ფილმი კარგი გამოვიდეს.
მამის შესახებ, ალბათ, ბევრი გიყვება საინტერესო ამბებს…
მე და ერეკლეს ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა და ძალიან გადაჯაჭვულები ვიყავით. ისეთი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ მასზე ყველაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ გიო ხუციშვილის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა. მაია ჯორჯაძემ, გიოს მეუღლემ მითხრა, ერეკლემ გიოს საფლავზე მყოფმა დამირეკა, ცხარე ცრემლით ტიროდაო. მე ასეთი ერეკლე არასდროს მინახავს. შემდეგ მაიასთვის ბოდიში მოუხდია, ძალიან დაგამძიმე, მაგრამ რომ არ დამერეკა, არ შემეძლოო… სევდიანი მინახავს ერეკლე, მაგრამ არა მტირალი. სხვას არასდროს ანახებდა. ასეთი რამ გამიკვირდა და არ ველოდი.
შენი და მამას საერთო თვისებების შესახებ მოგვიყევი…
უამრავი რამ გვაქვს საერთო – ყველაფერი ხელიდან მივარდება, აი, ტელეფონიც დალეწილია, ერთი დღეც არ მიძლებს. ყველაფერი სადღაც მრჩება, ფორიაქი მახასიათებს, ძალიან ემოციური ვარ, საშინლად, ამითაც ერეკლეს ვგავარ. თუმცა ის გამოხატავდა, მე კი ადრე შიგნით ვიტოვებდი. ამ ბოლო დროს უკვე ვერ ვიკავებ. აფექტური ვარ და ეს არ არის კარგი.
ერეკლე იყო ბავშვურად არაბოროტი, არაშურიანი. მისგან ბოროტება არავის ახსოვს. მიხარია, რომ ეს თვისება მისგან გადმომეცა. არაფრით შემიძლია, რომ ადამიანს ცუდი გაუკეთო. ბევრ რამეში ვიჭერ საკუთარ თავს ახლა უკვე.
ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. ხომ არიან მამები, საერთოდ რომ არ ურეკავენ შვილებს, ათასში ერთხელ რომ გაახსენდებათ? ასეთი მამა რომ მიდის შვილის ცხოვრებიდან, ალბათ, დიდი დანაკლისი არაა. როცა ასეთი დოზით გყავს ადამიანი ცხოვრებაში, ყველაფერს რომ გიზიარებს და იცი მასზე, ძალიან ძნელია… რა ჯობია? ეს კითხვა გამიჩნდა, მაგრამ ვუპასუხე, რომ მაინც მირჩევნია ის, რაც მე და ერეკლემ ერთად გავიარეთ, ყველაფერი, რაც მასთან მაკავშირებს, ჩემში დარჩება. ეს ძალიან დიდი განძია, სანამ ვიქნები, ამას ყოველთვის ვატარებ.
საიდუმლოებებს ერთმანეთს უზიარებდით?
ვიცოდი, რომ ვიღაცის მიმართ სიმპათია შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ ყველაფერი ალბათ არ ვიცოდი. მეც ვუყვებოდი მას და ემოციურად, მგონია, რომ უფრო მიგებდა. ბავშვობაში ვიღაც თუ მომწონებია და ოჯახს თუ უთქვამს, არაო, ერეკლე სულ ამბობდა, აცადეთ ბავშვს, პატარაა, თავისი გულისტკივილები აქვსო…
შიგნიდან მტკივა, მაგრამ არ მინდა, რომ სხვა ადამიანები შევაწუხო. ბევრი რამ საქმეში გადამაქვს, რა თქმა უნდა, დაკავებულობა და გადარბენა ძალიან მშველის.
დეპრესიული ადამიანი არ ხარ აშკარად…
არა. მსუბუქად შეიძლება ვინერვიულო, ცუდი ფონიც გამგრძელებია, მაგრამ დეპრესია ნამდვილად არ მქონია. ხალხი სახლში რომ იკეტება, ამისგან ღმერთმა დამიფაროს.
სირთულეებს შედარებით ადვილად უმკლავდები?
ძალიან ვცდილობ, რომ საკუთარი თავი გამოვიყვანო ცუდი მდგომარეობიდან. ადამიანი საკუთარი თავის მშველელი თავად არის. შეიძლება, მედიკამენტი, ფსიქოლოგი თუ ვარჯიში მიახმარო, მაგრამ თუ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, არანაირი წამალი არ გიშველის.
ყველაზე მეტს მამაზე ვისთან საუბრობ? პირველს ვის დაურეკე, როცა ეს ამბავი გაიგე?
ვერავის დავურეკე, რადგან საქართველოში არ ვიყავი. მე და ქრისტინე იმედაძე ჩვენს მეგობართან, მიშასთან ერთად გავფრინდით ეგვიპტეში. წინასწარ ძალიან ცუდი შეგრძნება გვქონ და ვიცოდით, რომ უკან დაბრუნება მოგვიწევდა. ბოლო წამს დარეკეს და გვითხრეს, რომ სამი ბილეთი გვიშოვეს. რაღაც არ მოხდეს გზაში და რამე არ დაგვემართოსო, ამას ვამბობდით. ერთი ღამე ვიყავით ეგვიპტეში. უაზროდ დავიწყე სახლში რეკვა. ვიცოდი, რომ ერეკლეს ფილტვების ანთება ჰქონდა. წინა დღეს ლალის ველაპარაკე. მითხრა, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. დავმშვიდდი, იქ მიხედავენ-მეთქი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში ჯანმრთელი ადამიანი ფილტვების ანთებით გარდაიცვლებოდა. ლალისთან რომ დავრეკე, ჩვენმა ახლობელმა აიღო და ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა… რა ხდება-მეთქი? მიპასუხა, კარგი არაფერიო. მივხვდი, რომ ერეკლე აღარ იყო. ის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე. საქართველოში რომ არ ვიყავი, ეს ორმაგი დარტყმა იყო. მიშამ, ქრისტინემ ერთობლივად მოახერხეს, რომ გამოვფრენილიყავით. მადლობა მათ ამისთვის…
შენს პატარაზე მინდა გკითხო. ასეთი დაკავებული გრაფიკის გამო, მისთვის იცლი?
როგორ დაკავებულიც უნდა ვიყო, მისთვის ყოველთვის ვიცლი. ელენე ჩემს ცხოვრებაში პირველია და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი, მათ შორის, საქმეც.
ახლა ელენე დუბაიშია, ბებია-ბაბუასთან ერთად, მამაც იქაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კონტაქტი აქვს მათთან. გიჟდება მამასა და ბებია-ბაბუაზე. ჰყავს და, სამი წლის (იღიმის). ყოველდღე მიგზავნიან ფოტოებს, ელენე ძალიან ბედნიერი და გახარებულია.
როცა აქ არის, რა უნდა მოხდეს, რომ სახლში არ მივიდე და არ დავაძინო. გამოვქცეულვარ საიდანღაც, სახლში მივსულვარ, დამიძინებია და ისევ გავსულვარ. მინდა, რომ ძილის წინ დრო ჩემთან გაატაროს.
კიდევ წარმოგიდგენია შვილი შენს ცხოვრებაში?
აუცილებლად და არაერთი. ძალიან მინდა. რამდენსაც ღმერთი მომცემს, გავაჩენ.
გათხოვებაზეც ფიქრობ ალბათ…
რა თქმა უნდა და თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, კიდევ მინიმუმ ერთ შვილს გავაჩენ.
ახლა პოზიტიური ფიქრებით ხარ, როგორც ჩანს…
კი. რაც უნდა იყოს, ადამიანი მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ყველაზე ცოდო ისაა, ვინც მიდის. ჩვენ ვრჩებით. სანამ ვარსებობთ, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც შეგვეფერება. ვიშრომოთ, საქმე ვაკეთოთ, შვილები გავაჩინოთ და გავზარდოთ. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, შეიძლება, ხვალ გაიღვიძო და დიდი ტრაგედია დაგემართოს, რაც მე დამემართა, მაგრამ ამან არ უნდა გაგტეხოს, დაგამსხვრიოს. პირიქით, უნდა ეცადო, არ გაჩერდე და წინ წახვიდე. სანამდეც არსებობ, უნდა დახარჯო ძალა და სიკეთე აკეთო. ბოროტება არა, რადგან აუცილებლად დაგიბრუნდება და ისეთ დროს, როცა არ ელოდები.
ამას უკვე მეორედ გაუსვი ხაზი…
ბოროტება არ გამიკეთებია, მაგრამ თუკი შეცდომა დამიშვია და ადამიანისთვის მიწყენინებია, აუცილებლად დამბრუნებია. ზოგი სხის შეცდომებზე სწავლობს, მე – საკუთარზე. მჯერა, რომ სიკეთე სიკეთით ბრუნდება.