მიხეილ სააკაშვილს ზელენსკი საუკუნის შეთავაზებას გაუკეთებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ ზე მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსა და უკრაინაში დაბრუნებასა და ქვეყნებთან მიმართებაში მისი გეგმების შესახებ .

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რეზონანსთან საუბარში თვლის, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში უფრო რეალურია, ვიდრე საქართველოში

ნიკა ჩიტაძე: დღეს უკრაინაში მისი დაბრუნება უფრო რეალურია, (ფიზიკურ დაბრუნებას ვგულისხმობ) იმიტომ, რომ ახალი პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი გახლავთ და გამომდინარე აქედან, გარკვეული სასამართლო პროცესების გავლის შემდგომ შესაძლებელია მას აღუდგეს მოქალაქეობა და დაერთოს ნება რომ დაბრუნდეს უკრაინაში.

"რეზონანსი":მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს აუცილებლად დაეხმარება. რა შეიძლება გააკეთოს სააკაშვილმა უკრაინაში ზელენსკისათვის?

ნ.ჩ: არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკიმ რაიმე თანამდებობა შესთავაზოს სააკაშვილს და სააკაშვილმა მიიღოს შეთავაზება. ვგულისხმობ იმას, რომ ზელენსკის არ ჰყავს ჯერჯერობით გუნდი, მართალია, ის დღეს პოპულარული არის უკრაინაში, მაგრამ მას არ ჰყავს საკუთარი გუნდი, ამიტომაც მას დასჭირდება რეფორმატორები და არ არის გამორიცხული რომ სააკაშვილმა მიიღოს ზელენსკისგან შეთავაზება.

"რ": ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის დაბრუნდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. როგორ განიხილავთ მის შანსებს საქართველოში დაბრუნებაზე?

ნ.ჩ: ჯერჯერობით არ მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს, იმიტომ, რომ მასზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ალბათ იგი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება,

დიდი ალბათობით მგონია, რომ უკრაინის პოლიტიკაში ჩართვის პარალელურად ის ასევე იქნება ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მაგრამ, ჩართული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებში.

ვფიქრობ, რომ დღეის ვითარებით სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება უფრო რეალურია ვიდრე საქართველოში.