"ვსუნთქავ, მაგრამ ვეღარ ვცოცხლობ..." - 17 წლის გოგონა, რომელიც გააუპატიურეს ევთანეზია გაიკეთა

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის გოგო ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

ნოა პოტჰოვენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მანამდე დაწერა, რომ 10 დღის განმავლობაში მას ევთანაზიას გაუკეთებდნენ. ასევე მან შეწყვიტა საკვებისა და სასმელი წყლის მიღება. “ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“, – წერდა მოზარდი.

ნოა პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლისა გახდა, 14 წლისა კი ორმა კაცმა გააუპატიურა. მომხდარის შესახებ მან მშობლებს არაფერი უამბო. სიმართლე კი მოგვიანებით, მის ბიოგრაფიულ წიგნში „გამარჯვება ან სწავლა“ გაირკვა.

მომხდარის შემდეგ მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამას თან დაერთო ანორექსიაც. მოზარდი გოგოს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა შეირყა.

ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალურია. განსაკუთრებულ გარემოებებში ის დასაშვებია მოზარდებშიც. გადაწყვეტილების მიღებამდე გოგომ სპეციალურ კლინიკაში კონსულტაცია გაიარა.

2002 წლის 1-ელ აპრილს პირველად მსოფლიოში სწორედ ნიდერლანდებში დაკანონდა ევთანაზია.

აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალურია (ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი), ზოგ ქვეყანაში მას მკვლელობად განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია).

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღი­­ა­რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.