ვინ არის საქართველოს 7 წლის უფლისწულის მომავალი მეუღლე
- 08/06/19
- 1607 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეკომპანია "რუსთავი 2" საქართველოში კონსტიტუციური აღდგენის თემას ვრცელ სიუჟეტს უთმობს.
სიუჟეტის მიხედვით, "სამეფო კლუბი" ამტკიცებს, რომ საქართველოს მეფობის კანდიდატები არიან: 7 წლის უფლისწული გიორგი, პრინცის მამა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, მისი ძმები, უგო და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელები და მათი ბიძაშვილი ხუან-იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი.
მეფობისთვის მზადაა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ის ახლა დროის დიდ ნაწილს ვენახებში ატარებს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ მართავს მეფობის კანდიდატი ტრაქტორს საკუთარ მამულში.
დავითი მეფობისთვის მზად არის, თუმცა მას აღიარების პრობლემა აქვს, გრუზინსკებთან სასამართლო დავების და ხმაურიანი დაპირისპირების გამო. ერეკლე მეორეს შთამომავლები მის გამეფებას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, ამ კრიზისის დასაძლევად, კომპრომისული ვარიანტი, დავითის და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საერთო ვაჟის, 7 წლის გიორგის გამეფებაა.
სამეფო კლუბში, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ითხოვს და მეფეს ეძებს, ფიქრობენ, რომ არასრუწლოვანი შესაძლოა, გახდეს სამეფო სახლის მეთაური და ვიდრე 18 წლის გახდება, მეფის მოვალეობას რეგენტთა საბჭო შეასრულებს.
სამეფო კლუბის წევრი, 24 წლის ირაკლი დათუკიშვილი მზად არის, მეფის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს. დათუკიშვილმა ზუსტად იცის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მეფე.
"პირველ რიგში, ვეფხისტყაოსანი უნდა ჰქონდეს წაკითხული, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი. მეფე უნდა იყოს ასევე, მართლმადიდებელი აუცილებლად და ზნეობრივად უნდა იდგეს მაღლა. მაგალითი მოვიყვანოთ, დავით აღმაშენებელი როგორ ცხოვრობდა, ბერივით ცხოვრობდა. არ არის აუცილებელი, მარგამ მიახლოებულად მაინც რომ იყოს მისი მსგავსი,“ - ამბობს დათუკიშვილი.
წმინდა სინოდის წევრი, მანგლელი მიტროპოლიტი, მეუფე ანანია დავითის მეფობას არ ემხრობა, ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად ტახტი უფლისწულ გიორგის ეკუთვნის, რომელმაც დაპირისპირებული მუხრანელები და გრუზინსკები გააერთიანა. უახლოეს მომავალში კი შესაძლოა, კიდევ ერთი ქორწინება იყოს საჭირო. 7 წლის გიორგის ცხოვრება უკვე დაუგეგმეს, მან იმერეთის სამეფო-სამთავროს ასული უნდა შეირთოს ცოლად და ამით ისტორიული სამართლიანობა აღადგინოს.
"გიორგიმ უნდა შეძლოს, თავის თავი დაძლიოს, თავის პირადი მეობა დაძლიოს ერისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და გააერთიანოს ქორწინების გზით სამომავლოდ,“ - ამბობს სასულიერო პირი.
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, პრეზიდენტის ნაცვლად გვეყოლება მეფე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად კი - სამეფო კანცელარია - ასეთია მოდელი, რომელსაც სამეფო კლუბი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს სთავაზობს.