
რატომ უყვართ ქართველ კაცებს ტრანსსექსუალებთან ''ქუნქური'', რასაც გულდასმით მალავენ
- 18/06/19
- 5531 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ელენე ისე დახვეწილად ატარებს მაკიაჟს, მაღალ ქუსლებსა და სამკაულებს, რომ ბევრ „ნამდვილ ქალს“ შეშურდება. მან იცის ყველაზე პიკანტური სუნამოების, სამოსის, აქსესუარების გამოყენების ყველა საიდუმლო. ელენეს დაბადების სქესი მამრობითია, მაგრამ ამბობს, რომ თავი ბიჭად არასოდეს უგრძვნია.
„გული მწყდება, რომ განათლება არ მაქვს. რაღაცნაირად ისე აეწყო ჩემი ცხოვრება - მაინცდამაინც სკოლაშიც არ მიხაროდა სიარული. შემდეგ პროსტიტუციაში მოვხვდი. ფულის ადვილად შოვნამ „გამატუტუცა“. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა.
ჩვენთან ტრანსსექსუალი ადამიანები არც კი იციან, რას ნიშნავს. არცოდნა არცოდვა კი ნამდვილად არაა. მე ქალის გონება მაქვს და ჩემი სხეული ჩემს ცნობიერებას არ შეესაბამება. არ უნდა ამას ქირქილი და ლანძღვა-გინება. ასეა და მორჩა. ერთადერთი, რის გაკეთებაც შემიძლია, ამჟამინდელი სქესის შეცვლაა. ოპერაციის მეშინია, ხან მინდა, ხან არ მინდა. მინდა, საკმარისი ფული მქონდეს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება თავისუფლად მივიღო.
ჩვენი საზოგადოება სისხლს მოწყურებული ნაგაზივითაა - ეძებს იმას, ვისაც დაგლეჯს და ნაწილ-ნაწილ ათრევს. ამას კარგა ხნის წინ მივხვდი. ერთ-ერთი, ვისზეც ჯავრის ამოყრა უნდათ, მეც ვარ. როცა ქუჩაში გავდივარ, უამრავი სიძულვილი მხვდება გზად. იცით ალბათ, ამას წინათ ერთ-ერთი ტრანსსექსუალი მოკლეს კიდეც იმის გამო, რომ ყველასნაირი არ იყო.
და მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვცხოვრობ ამ სიძულვილით აღსავსე გარემოში, ჩემი კლიენტების წყალობით. ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ ბედს ვუჩივი. იმდენი მაინც მაქვს, რომ თავს მოვუარო. ბევრი კლიენტი მყავს და ბევრსაც უნდა ჩემთან სექსი. ჩემი უცხოელი კლიენტურა ალბათ იმდენად საინტერესო არ არის, როგორც ქართველი. მოკლედ, ერთი რამ უნდა აგიხსნათ: ამ სიძულვილით გაჯერებულ საზოგადოებაში ძალიან ბევრი დამალული გეი ცხოვრობს. ისინი არიან ყველგან, იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ჰოდა ამ გეებს ჰყავთ ცოლები, ოჯახები, და ყველას თავს აჩვენებენ, რომ ბედნიერად ცხოვრობენ. მაგრამ ღამღამობით გარეთ გამოდიან და კაცთან სექსი უნდათ. ისმის კითხვა: როგორ დამალონ ის, რომ გეები არიან? აი ასე: ჩემნაირ გრძელფეხება ნაშას ააგდებს, ყველას დაანახებს, რომ ღამით ქალებს დააგრიალებს მანქანით, სინამდვილეში კი კაცთან ექნება სექსი.
მართალი გითხრათ, ჩემი პროსტიტუციაც ასე დაიწყო - ერთმა ფულის ტომარა ბიძიამ შირმის როლში ყოფნა შემომთავაზა. მას შემდეგ სულ ასე ვარ, - თითქმის ყველა ჩემი კლიენტი დამალული გეია. ზოგი ძმაკაცებთან მამარიაჟებს, ზოგი მეზობლებთან, ერთხელ მოხუც დედასაც კი მიუყვანეს ჩემი თავი, „საცოლის“ პონტში გასაცნობად. ეს იმის გამო ხდება, რომ ვერ ახერხებენ თავიანთი ნამდვილი ვინაობის ღიად დაფიქსირებას. ჩემთან ისეთი კლიენტები მოდიან, ისეთები... აი, როგორ გითხრათ - ვაჟკაცობის და კარგი ქართველობის განსახიერებები. მოდიან, სიამოვნებით ატარებენ ჩემთან დროს და თავიანთ ჯურღმულებში ბრუნდებიან. ისინი ნორმალურები არ არიან, ფსიქიკა აქვთ დანგრეული და დამახინჯებული ასეთი ცხოვრებით. ანდა როგორ უნდა იყვნენ ნორმალურები - მთელი მათი ცხოვრება ტყუილისა და ბოროტებისგან შედგება. ხმამაღლა გეებს ლანძღავენ და იფურთხებიან, სინამდვილეში კი თვითონ არიან გეები. ეს სიბრაზე ჩემზეც გადმოუტანიათ ხშირად.
მოკვლით მემუქრებიან ხოლმე იმისთვის, რომ მათი საიდუმლო ვიცი, მათგან განსხვავებით არ ვიტყუები და თავისუფალი ვარ. ამ საშინელი საიდუმლოს გამხელა, ბუნებრივია, არავისთვის ემეტებათ, რადგან მათი კეთილდღეობა და მთელი ცხოვრება ამ საიდუმლოს გამჟღავნება-არგამჟღავნებაზეა დამოკიდებული. სულაც არ დაეძებენ, რომ აქ ბრალი არაფერში მიმიძღვის. ეგრეა ხოლმე, „ქართველი ვაჟკაცების“ უმეტესობა მარტო თავისზე სუსტებთან არის დიდ გულზე.
ერთხელ ერთმა კლიენტმა სასტიკად მცემა იმის გამო, რომ ჩემი შეშურდა. კი, თვითონ მითხრა, შე პუტანკა, შენიც კი მშურსო. თმებით მითრია, იატაკზე თავი მარტყმევინა, ძლივს გადავრჩი. მას შემდეგ კლიენტების არჩევაში სიფრთხილეს ვიჩენ. როგორც კი ალკოჰოლის სუნს და არაფიქსირებულ მზერას ვიგრძნობ, იმ კლიენტთან საქმეს არ ვიჭერ. პრინციპში, ჩემი კლიენტურა მყავს უკვე, უცხოებს ნაკლებად ვეკონტაქტები.
ქალები როგორ მიყურებენ? - უმეტესად აღტაცებით. მოვწონვარ, ჩემნაირი უნდათ რომ იყვნენ. ლამაზი თმა მაქვს, გრძელი ფეხები, ლამაზი ფრჩხილები, თავს ვუვლი და ვანებივრებ. ჰორმონებს ვსვამდი და წვერი აღარ ამომდის. ჩემი გემოვნება მოსწონთ, მემეგობრებიან, რჩევებს მეკითხებიან. ჩემი ერთ-ერთი შორეული ოცნებაც ის არის, რომ საკუთარი სილამაზის სალონი მქონდეს. სტილისტობა კარგად გამომდის, ასე მგონია, კლიენტი არ მომაკლდება.
ძალიან ემოციური ვარ და ვიცი, რომ ასე არ შეიძლება, საკუთარ თავს ვვნებ ამით. „ნატვრის ხე“ მიყვარს, ქართული ფილმი, მისი ორი პერსონაჟი ძალიან მეძვირფასება. მარიტა იმიტომ მომწონს, რომ ჩემნაირად, უგულო ადამიანების მსხვერპლია, ფუფალა კი იმიტომ, რომ მართალია მარტოსულია, მაგრამ ღარიბად და გაძაღლებულად ცხოვრებამ არ გააბოროტა...