ამ წუთებში საპატრიარქო თბილისში ხალხის დასახიჩრებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს.

აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე.", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. 

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა. 

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.  პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ. 

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.