ჯაბა ბოჯგუას ბებიას, რომელიც შვილიშვილისთვის მოწყალებას ითხოვდა მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
- 08/07/19
- 7086 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, დღეს დილით სააავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ambebi.ge წერს.
83 წლის მოხუცს ავტომანქანა ორი დღის წინ, მუხიანში დაეჯახა. მოხუცი გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა და ქალი მძიმედ დაშავდა. მიღებული ტრავმები ძალიან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
AMBEBI.GE ჯაბა ბოჯგუას დედას, მანანა გვასალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, 85 წლის მოხუცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კომაში ჩავარდნილი შვილიშვილის მოვლისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ბოჯგუებს ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.
“გუშინწინ დილით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარებას არ გაჰყვა საავადმყოფოში, მე დამირეკეს და სახლში მოვიყვანე. ერთ საათში მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ტრავმატოლოგიურში. ბარძაყი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, შინაგანი სისხლდენა მიდიოდა ორგანიზმში და ოპერაცია ვერ გადაიტანა”, - ამბობს მანანა გვასალია.
მისივე თქმით, მოხუცს ბოლო წუთამდე გონება არ დაუკარგავს და ახლობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა.
“წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდები! - მხოლოდ ამ სიტყვებს ამბობდა და ამ ლაპარაკში დალია სული. ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, დედაჩემი ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. პირველ რიგში რაც მჭირდება მომვლელია, რომ ჯაბას მოვლაში დამეხმაროს. 2 დღეა ჯაბაც არ არის კარგად, არ ვიცი მგონი გრძნობს რაღაცას”, - ამბობს ჯაბა ბოჯგუას დედა.
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა თითქმის 10 წელია კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და მოხუცი ბებო უვლიდნენ. ეს უკანასკნელი შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა... ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა. 10 წლის წინ ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ ხერხდება.


