რას წერს ილიკო სუხიშვილის ნახევრად რუსი ქალიშვილი რუსეთსა და პუტინზე

ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორს ნინო სუხიშვილს ბოლოს ჰომოფობიაში დასდეს ბრალი.

მან ლევან აკინს უარი უთხრა ფილმის „სუხიშვილების“ ბაზაზე გადაღებაზე. არგუმენტი - ქართული ცეკვა ვაჟკაცურია, ეროვნულობის გამომხატველია და გეების ადგილი იქ არ არის. ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გეი მოცეკვავეების სიყვარულის ამბავია (და არა მხოლოდ ეს) მოთხრობილი.

„სუხიშვილები“ თავისი ეროვნულობით მუდმივად გამოირჩევა. ნინო სუხიშვილი „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში  აგვისტოს ომის ამბებს იხსენებს და ყვება ძმისშვილის, ნახევრად რუსი დარიას საინტერესო ისტორიას.  

ნინო სუხიშვილი: - ილიკოს უფროსი ქალიშვილი დარია, პირველი  ბავშვი იყო ჩვენს ოჯახში. დარიას დედა მოსკოვში ცხოვრობს. ილიკომ სტუდენტობა იქ გაატარა. მოსკოვში 6 წელი ცხოვრობდა, სადაც მეგობარი გოგონა ჰყავდა, რომელმაც გადაწყვიტა, ბავშვი გაეჩინა. მერე თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ ბოლომდე არ მოხერხდა მათი ერთად თანაცხოვრება. მალე დაშორდნენ ერთმანეთს, დარია თბილისში დარჩა და ფაქტობრივად მისი აღზრდა მე ვითავე. ამბობს, რომ მე ვარ მისი მეორე დედა და რაღაცნაირად სულ ცდილობს, რომ ყველაფერში დამემსგავსოს. ჩემი გაზრდილია და მეც შვილივით მყავს. დარიაზე ძალიან მიწებებული ვარ. ამერიკაში მისი საცხოვრებლად და სასწავლებლად წაყვანაც ჩემი იდეა იყო. ძალიან ბევრი გასტროლები გვქონდა, მარტო ვერ ვტოვებდით, ბოლოს გადავწყვიტე, რომ რაღაც პერიოდი ჩემს მეუღლესთან ეცხოვრა ამერიკაში...
დედას ზაფხულობით ნახულობს. თბილისში არდადეგებზე ჩამოდის. თვითონაც იყო რამდენჯერმე მოსკოვში წასული, მაგრამ ცოტა ხნით. უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გასტროლებზე მივდიოდით. ეს იშვიათად ხდებოდა...

აგვისტოს ომის თემა დარიას ცხოვრებაში

„ზაფხულობით ატლანტაში ვარ ხოლმე. აგვისტოს ომის დროსაც იქ ვიყავი. მახსოვს დაშა, როგორ განიცდიდა. მისთვის ეს ორმაგი ტკივილი იყო. დაშას დედა რუსი ჰყავს და მამა ქართველი. დედა მოსკოვში ჰყავდა, მამა საქართველოში, ძალიან დაბნეული იყო... ომთან დაკავშირებით თავისი ტკივილი და განცდები სკოლაში დაწერილ თემაში გამოხატა. მაშინ დარია სკოლის გმირი გახდა. ძალიან მაღალი ნიშანი მიიღო, მთელი სკოლა ამ თემაზე ლაპარაკობდა. პროექტიც დაწერა, ძალიან მალე კი სკოლაში გადაწყდა, რომ ქართული ენის სწავლება დაეწყოთ. დღეს ატლანტის საერთაშორისო სკოლაში ქართული ენა ისწავლება. როდესაც ამას ვყვები, ბევრს უკვირს, მაგრამ ეს მართლაც ასეა.

აგვისტოს ომის დროს“ სიენენთან“ იყო შეკრება. ვინც კი ქართველი იყო იმ დროს ატლანტაში, ყველა „სიენენთან“ მივიდა. პროტესტს პლაკატებით გამოვთქვამდით, რომელზეც ეწერა - „სტოპ რაშა“. მერე „სიენენმა“ ტელეხიდი გააკეთა, და-ძმა დაგვაკავშირეს ერთმანეთს. ილიკო თბილისში იყო - მე ატლანტაში. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური გამოვიდა. ყოველთვის მეამაყებოდა, ჩემი ქართველობა, იმ დღეებში კი, როდესაც ჩემს ქვეყანას ჯიჯგნიდნენ, ფიზიკურად მტკიოდა ყველაფერი. დაშაც იქვე, „სიენენთან“ იდგა და სხვა ბავშვებთან ერთად თავის პროტესტს გამოხატავდა...“