ზაზა სარალიძის აღსარება

გაგრძელება. 

 ზაზა სარალიძე:

- უკვე მოგიყევით ოპოზიციის შეკრებაზე, სადაც კუპრავამ ლიდერობა მოითხოვა გაერთიანების სანაცვლოდ. იმ შეხვედრაზე ოპოზიციამ თქვა, რომ ზაფხულის აქციები 80-90 ათასი დაუჯდათ! არ ვიცი, რისთვის დაიხარჯა ფული, არ ვიცი, ვინმეს გადაუხადეს, ვინმემ ჯიბეში ჩაიდო - მე ის ვიცი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე - მშივრები იყვნენ, პირდაპირი გაგებით მშივრები... სამ დღეში სად და რაში დაიხარჯა 80-90 ათასი, ან ვინ მოიტანა ეს ფული და ვის მისცა, ნამდვილად არ ვიცი. მოკლედ, ვერ გაერთიანდა ოპოზიცია. ვერ გაერთიანდა ჩემს გარშემო და დაიწყეს არჩევნებისთვის მზადება. ჩვენთან ის ხალხიც აღარ მოდიოდა, ვისაც მანამდე ყოველ დღე ვხედავდი. რომ ვურეკავდით, არ გვცალია, არჩვენებისთვის ვემზადებიო. ამასობაში, გადავწყვიტე, ოპოზიციური პარტიები რომ წინასაარჩევნოდ ხალხს ხვდებოდნენ, იმ შეხვედრებზე მივსულიყავი და ადამიანებისთვის პირადად მეთქვა სიმართლე. ასე წავედი გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ერთმა შემომთავაზა, გრიგოლ ვაშაძისთვის დამეჭირა მხარი! - შეშინებული ხომ არ ხარ, ბიძია, შენ? მე იქეთ ვარ დასახმარებლად მოსული, რა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა, რამე მეტყობა, პოლიტიკა მინდოდეს? მე მოვედი, რომ ხალხს ვთხოვო, სამართლის პოვნაში დახმარება-მეთქი!

მერე იყო, „ქართული ოცნების“ ოფისი. სიმართლეს გაუმარჯოს, მე ისიც არ ვიცოდი, იქ რომ ოფისი იყო, მე მეგონა ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და მაგიტომ წავედი, ხალხთან სასაუბროდ მივდიოდი მეგონა. მერე იქ როგორ ცუდად განვითარდა მოვლენები, კი ნახეთ.

ამასობაში, მითხრეს, რაც უთქვამს ჩემზე კალაძეს და ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვთქვი თუ არა, რა წამსაც წინადადება დავასრულე, იქვე ვინანე. შეიძლება, თავად კალაძეს ეკუთვნოდა, ის რაც ვთქვი, მაგრამ არ ეკუთვნოდა იმ დაღუპულ ბიჭს და ოჯახს, რომელმაც ჩემსავით დაკარგა შვილი. მაგრამ, კალაძემაც ხომ იცის, რა არის ოჯახის წვერის დაკარგვა? ზუსტად ვიცი, იცის. მერე იყო, თურმე „ევროპული საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველან და შეხვედრა რომ დასრულდა, მერე ვიგებ. დამიმალეს.

- ვინ დაგიმალათ?

- საორგანიზაციო ჯგუფმა.

- ვისმა საორგანიზაციო ჯგუფმა?

- ჩვენმა, ჩვენმა საორგანიზაციო ჯგუფმა.

- როგორ? და რატომ?

- რა ვიცი, ასე, არ მითხრეს. შეუძლებელი იყო არ სცოდნოდათ. ჩვენი გეგმა იყო ასეთი, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის შეხვედრაზე უნდა მივსულიყავით და ხალხთან გვესაუბრა. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ვერ მივედით „ევროპული საქართველოს“ შეხვედრაზე, აღარც სხვების შეხვედრებზე წავედი.

მერე დავიწყე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მისვლა, კონკრეტულ ადამიანებთან მისვლა, კონკრეტულ ახალგაზრდულ ჯგუფებთან მისვლა, ან დარეკვა. ასე მოვხვდი შავგულიძესთან. მივედი, ავუხსენი ვითარება, ვესაუბრე - უარი მითხრა, მე ნაცების, ევრონაცების და სააკაშვილის თამაშს ვერ ვითამაშებო! შენც თუ ეგრე მიყურებ, ამდენი საუბრის მერე, რომ ნაცი ვარ, რაღაზე გელაპარაკო-თქო, ავდექი და წამოვედი.

- შავგულიძე შალვამ???

- კი, კი, შალვა შავგულიძემ. გავიხედე, ცოტა ხანში და ვხედავ კენჭს იყრის მთაწმინდაზე «ევროპული საქართველოს» სახელით. ცდილობდი, იმ პერიოდში არ მენახა, თორემ, არ ვიცი, რას ვეტყოდი და ვიზამდი. ადამიანი რომ ერთს უღალატებს, ის ყველას უღალატებს. ერთხელ აუცილებლად მოვახერხებ, რომ შავგულიძეს და „ევროპული საქართველოს“ წევრებს ერთად შევხვდე და ერთად ვუთხრა ის, რასაც ახლა შენთან ვყვები. ვუთხრა, ზუსტად „ევროპული საქართველოს“ გვერდით დგომის გამო, რომ თქვა ჩემს გვერდით დგომაზე უარი! ისე, ბარემ ვიტყვი „ევროპულ საქართველოზე“ - რომ არა ეგენი, საპარლამენტო კომისია არ შეიქმებოდა, დიდი საქმე გააკეთეს, მართალია, მერე ვერ მოხდა ამ კომისიის დასკვნის ასრულება და იქ, სალომე ზურაბიშვილის ხმაც დააკლდათ, სალომე ერთადერთი იყო, რომელიც კომისიაში ისე იყო შესული, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და მის ხმას ჰქონდა მნიშვნელობა. მას შეეძლო, მართლა გამოეყენებინა დამოუკიდებელი დეპუტატის შესაძლებლობები და მის ხმას გადამწყვეტი როლი შეესრულებინა, შესაძლებელია. მაგრამ, მან პრეზიდენტობა არჩია და ზის ახლა სასახლეში თბილად. პრეზიდენტობა არჩია ჩემს შვილის ტრაგედიაზე სიმართლის დადგენას, მკვლელის პოვნას არჩია პრეზიდენტობა. რა მოხდება სალომეს პრეზიდენტობით?

რითი დაამახსოვრებს ხალხს თავს - ვნახავთ მაგასაც და ამ დროს, შეეძლო, ამ ერთ საქმეში ისტორიული როლი შეესრულებინა და მისი სახელი მართლა შემონახვოდა ისტორიას! მით უფრო, რომ სალომე ისეთ დროს გამოეთიშა კომისიას, უკვე ყველაფერი განხილული და ნანახი ჰქონდათ, დასკვნით ნაწილში გამოეთიშა თითქმის და ვიცი, რომ ყველაფერი იცის, სრულიად ყველაფერი იცის ამ საქმეზე, რაც იმ მასალებში დევს და როგორც დევს, რა არის გაყალბებული და რა არა - იცის და ჩუმადაა. ვერ წავიდა, არ წავიდა, ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არჩევანი გააკეთა, ჩემი მოკლული შვილის მკვლელების პოვნას, სიმართლის თქმასა და პრეზიდენტობას შორის - პრეზიდენტობა არჩია.

- შეგეხმიანათ?

- როდის?

- მაშინ, მერე, როდესმე?

- არა!

- არც თავისიანი ვინმე გამოაგზავნა?

- არა. ან რა უნდა მითხრას? მოკლედ, ასე წამოვედი შავგულიძესთან შეხვედრიდან, ისევ და ისევ შეურაცხყოფილი. მერე წავედი ზურაბ ჯაფარიძესთან - არ გაგიკვირდებათ და იმანაც ზუსტად ეგ პასუხი გამცა! არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, ზუსტად, არც ნაცი რომ არ ჩანს ჩემს გვერდით, ალაგ-ალაგ რომ ჩანან ნაცებიც.

ან, იმის შემდეგ, რაც მათ ვესაუბრე, კიდევ ეგ როგორ მითხრეს, ენა როგორ მოუტრიალდათ. დამიდგნენ გვერდით და არ დავიყენე? ასეთი პასუხი გამცა უმეტესობამ. იმ უმეტესობამ, რომელიც ჩემს გვერდით არ დადგა. ამასობაში, დადგა ჩემი შვილის გარდაცვალების დღე. გავედი საფლავზე და მირეკავენ, რომ რუსთაველზე დიდი აქციაა. აქცია უნდა ყოფილიყო ოპოზიციის თავისუფლებაზე, აპროტესტებდნენ ხმების დაკარგვას და გადმოიტანეს რუსთაველზე კარვებთან, ისე, რომ არც კი გამაგებინეს. ავდექი და წამოვედი. მოვედი აქციაზე და არც ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას, შორიდან მინდოდა შემეხედა, მაგრამ საშუალება არ მომცეს და მაინც ამიყვანეს ტრიბუნაზე, შეკრებილი ხალხის მომერიდა ბოლოს და ავედი. ცოტა ხანში, მესმის გამოაცხადეს, აბა, ახლა დავიშალოთო და 16 დეკემბერს შევიკრიბოთო. ან აქცია რა იყო რუსთაველზე კარვებთან, იმ ადგილას, სადაც მე და მალხაზი ვიდექით, ან დაშლა რა იყო, ან ჩემი შვილის მკვლელის პოვნას ცდილობდნენ რომ გეკითხათ და დათუნას გარდაცვალების დღეს, აქცია გაიმართა იქ, სადაც ამდენი თვე ვიდექი, ჩემს გარეშე და სხვა მიზეზით. დატოვეს კარვები, ოპოზიციის ერთი ლიდერი დავრჩებით და 200-300 ადამიანიო, თუმცა, დაღამდა და კარვები ცარიელი დარჩა. მე თავად მივმართე შსს-ს აეღოთ კარვები და წაეღოთ, რა ჯანდაბად მინდოდა ცარიელი კარვები? ვის უნდა გაეკონტროლებია? რამდენიმე ადამიანს დავასახელებ: ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია - ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ხშირად მისაუბრია და არასოდეს ჩვენი საუბარი არ წასულა პოლიტიკისკენ. არასოდეს. ყოველთვის ვსაუბრობდით ჩემს საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საქმეზე, პოლიტიკის გარეშე. მალევე იყო ის, მიშას ზარიც, რომელიც საერთოდ გაურკვეველი იყო, რა უნდოდა, რატომ დარეკა.

- პარალელურად, მგონი, მაგ პერიოდში იყო ემიგრანტების ფულზეც საუბარი.

- კი, მარინა ძაგნიძე აგროვებდა ფულს. მოხდა ისე, რომ ჩარიცხა 4500 დოლარი, მაგრამ, ნულების მიწერა შეეშალა, თუ რა მოხდა, იკითხებოდა, როგორც ოთხი მილიონი და ხუთასი ათასი და ეს ბევრმა ადამიანმა ნახა. მეზობლებმა გააჩერეს ჩემი ცოლი და ჰკითხეს: - მართალია, რომ ზაზა სახელმწიფო გადატრიალებას აპირებსო? აბა, ამერიკაში 4 მილიონს რატომ აგროვებსო. არა, სინამდვილეში სულ ჩაირიცხა 5 ათასი დოლარი, აქედან ნახევარი მივეცი მალხაზს, და მიუხედავად იმისა, რომ სახლში თეთრი არ მედო, ლარიც არ წამიღია ამ ფულიდან მე სახლში. ყველა მეუბნებოდა, სტრასბურგისთვის შეინახეო, მაგრამ, მე იმ ფულს, რომელიც ემიგრანტებმა წვალებით, სიმწრით მოაგროვეს და გამოაგზავნეს, სახლში არ დავდებდი შესანახად. გადაწყვიტა მარინა ძაგნიძემ რომ საქველმოქმედო კონცერტი გააკეთოს. დავურეკე, ჩვენ შვილმკვდარი მამები ვართ, არ გვეკონცერტება და არ გააკეთო ეგ-თქო. მე რასაც მინდა იმას გავაკეთებო. კაცო, ჩვენი სახელით აკეთებ კონცერტს, რას ქვია, რასაც გინდა იმას გააკეთებ? არ ახსენო ჩემი და მალხაზის სახელი და შენ რაც გინდა ის გააკეთე-თქო. იმ ფულიდან 2 ათასი დოლარი დავახურდავე და ქუჩაში მათხოვრებს დავურიგე. ვიცი, ვისი პროექტი იყო მარინა ძაგნიძე და რას ელოდნენ სანაცვლოდ ჩვენგან...

- ვისი?

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

მეხუთე ნაწილის დამატება:

მეოთხე ნაწილის შემდეგ, სადაც ზაზა სარალიძე კუპრავაზე გვიყვებოდა, მის მიმართ ლანძღვის და გინების კორიანტელი დადგა.

- უტიფარი ტყუილი - ყველაზე ხშირად ეს ეპითეტი შემხვდა ზაზას მისამართით. თუ ტყუილია მონათხრობი, რატომ არ იღებენ ოპოზიციური პარტიები ხმას?

რატომ არიან ჩუმად? თავადაც ხომ იყვნენ იმ შეხვედრაზე?

შეხვედრის ერთ მონაწილეს, არ დავმალავ, ჯერ მხოლოდ ერთ მონაწილეს შევთავაზე, იმ შეხვედრის დეტალების მოყოლა, სადაც კუპრავამ ლიდერობა ითხოვა. ჯერ პასუხი არ მიმიღია.

ვფიქრობ, ყველაზე ძლიერ მონაწილეს შევთავაზე და ყველაზე გაუსვრელს, შესაბამისად, ველი, რომ გადაწყვეტს სიმართლის მოყოლას.

თუ უარს მეტყვის, დანარჩენებს ვთხოვ.

თუ არავინ მოყვება სიმართლეს, თუ ვერავინ გაბედავს სიმართლის თქმას, უბრალოდ, ამ შეხვედრის მონაწილეთა სახელებს ჩამოვწერ, აგერ ხალხი და აგერ ისინი!

მეორე ვერსია გახლავთ: - კუპრავა რომ ციხეში ზის?

კუპრავა ციხეში რომ ზის, ახლა გაგახსენდათ?

საერთოდ ვინ არის კუპრავას ადვოკატი, იცნობთ? რამდენი საქმე აქვს მოგებული, გაიკითხეთ? ვისაც გკითხეთ, ნომერიც არ იცით და...

ხელმოწერები შეაგროვეთ, აბა?

აბა, ყველა ეთერში ახსენეთ?

მაშ, ახლა გაგახსენდათ კუპრავა?

სარალიძის ომში იყოო...

ასეთებს ომის დროს ხვრეტდნენ!

ჩემს ომში თუ მოდიხარ - ჩემი საქმე უნდა აკეთო და ჩემთვის.

ჩემს ომში თუ შენი საქმის საკეთებლად მოდიხარ - უნდა თქვა, რომ ჩემს ომში წამოსვლა გაწყობს და გავიგებ.

მაგრამ, ჩემს ომში რომ შენი საქმის საკეთებლად მოდიხარ, მიტინგის სამ დღეს 80-90 ათასად გიფინანსებენ, ბიჭებს აშიმშილებ და ჩემს საქმეს, ჩემს ომს უქმნი საფრთხეს - ხვრეტდნენ ასეთებს ომის დროს!