ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დღეს რუსთავი 2 დატოვეს

„არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო“- „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ წერს.

„ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი.. 

ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ.

არაფერია უფრო მძიმე ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო.“- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გუშინ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაუშვა.

გუშინ კი კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა.

ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა." - წერს დავით ქაშიაშვილი

„რუსთავი 2“-ის ყოველკვირეული გადაცემა „კვირის შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი სალომე დადუნაშვილი არხიდან ეკა კვესიტაძის გაშვებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. ის ეკას თავის პოსტზე ნიშნავს.

„ეკა, დიდი მადლობა კვირის შუადღის ყველა გამოშვებისთვის. ყველა კარგად მოყოლილი ამბისთვის, ყველა ყავისთვის, რომელიც დაგვილევია ბუფეტში, ყველა ხუმრობისთვის რეკლამის დროს და ყველა ანონსისთვის, რომლის დროსაც ფეხზე არ ვიდექით შენი წყალობით,)) ხო და კიდევ ცოცხალი ინტერესისთვის და სწავლის დაუსრულებელი სურვილისთვის, რომელიც ძალიან გადამდებია. შენი და „ლაფერას“ გარეშე კვირის შუადღე აღარ იქნება ჩემთვის. P.S. ვდარდობ, რომ ბრექსიტის საგა ვერ დავასრულეთ. სხვა დროს იყოს. სადმე“ - წერს სალომე ფეისბუქზე.

სალომემ „პრაიმტაიმთან“ განმარტა, რომ ის ამ პოსტით „კვირის შუადღეს“ ფაქტობრივად ემშვიდობება. მას ვერ წარმოუდგენია ეს გადაცემა თანაწამყვანის - ეკა კვესიტაძისა და მისი პროდიუსერის - გიორგი ლაფერაშვილის გარეშე. 

სალომე დადუნაშვილი: - ვერ ვხვდები და ნაკლებად წარმომიდგენია, როგორი იქნება „კვირის შუადღე“ ეკასა და „ლაფერას“ გარეშე. შესაძლოა გადაცემა ისევ გავიდეს, არხმა გადაწყვიტოს და გაარძელოს. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ჩემთვის, ამ ორი ადამიანის გარეშე, წარმოუდგენელია ეს გადაცემა გაგრძელდეს. 

- ანუ გადაცემაში, თუ ის გაგრძელდება, არ დარჩებით.

- არა. ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად ამას არ გავაკეთებ. 

გადაცემა კვირის შუადღის წამყვანები გახლდათ - ეკა კვესიტაძე, სალომე დადუნაშვილი, ლევან ღამბაშიძე, ლევან ბუთხუზი.