დატოვა თუ არა "რ2" ვანო ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა?

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ში მიმდინარე რეორგანიზაცია ჟურნალისტების ნაწილს შეეხო, ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, თავად გადაწყვიტა არხის დატოვება. „პრაიმტაიმი” არკვევს, ცნობილი ტელესახეებიდან, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო. დარჩება თუ არა „რუსთავი 2″-ზე „The ვანოს შოუ”, ამაზე გადაცემის წამყვანი თავად აკეთებს კომენტარს.

ვანო ჯავახიშვილი: – მე გადაწყვეტილებას ასე ვერ ვიღებ და ვერც ასე ხმამაღლა ვლაპარაკობ, ჯერჯერობით. შვებულებაში ვარ და გუნდის აზრები უნდა მოვისმინო. კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ.

– ანუ ჯერ გადაწყვეტილება არხზე დარჩენაზე ან წასვლაზე არ მიგიღიათ?

– არა. კომენტარს არ ვაკეთებ.

რამდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და ითქვა, „ვანოს შოუ” ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადისო, ჯავახიშვილმა „პრაიმტაიმთან” შემდეგი კომენტარი გააკეთა.

ვანო ჯავახიშვილი: – „რუსთავი 2″-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2″-ზე ვრჩებით.

– და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?

– შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ.