3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილი შესაძლოა გაათავისუფლონ

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი შესაძლოა გაათავისუფლონ, თუ მას დაუდგინდება პარანოიდული შიზოფრენია.

დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ თამარ საძაგლიშვილის ადვოკატს, ალექსანდრე გაბუნიას დაუკავშირდა. 

მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერ თამარ საძაგლიშვილის მიმართ ექსპერტიზაც არ ჩატარებულა, რადგან რიგებია და ელოდებიან, როდის მოუწევს ექსპერტიზის ჩატარება. 

„ჯერ გათავისუფლებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გათავისუფლება არის სასამართლოს საქმე. ექსპერტიზა, რომ ჩატარდება შემდეგ იმსჯელებენ მაგაზე. მე რაც არ უნდა მოვითხოვო, ყველაფერი ექსპერტიზის გადასაწყვეტია. ჯერ არც კი ვიცით, როდის დაიწყება რადგან რიგებია და ველოდებით,“ - ამბობს ადვოკატი. 

კითხავზე თუ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს გაათავისუფლებენ იქნება თუ არა ის იძულებითი მკურნალობის ქვეშ? ადვოკატი გვპასუხობს, რომ თუ საჭირო იქნება და დასჭირდება მას იძულებითი მკურნალობა უმკურნალებენ კიდეც. 

- თქვენ თუ ხვდებით მას და თუ გაახსენდა რამე მომხდარის შესახებ? 

- რა თქმა უნდა მე მას ხშირად ვხდები, მაგრამ არაფერი არ ახსოვს და ვერ იხსენებს. მას მომხდარი საერთოდ არ ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი პეკინის ქუჩაზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგანი დაუსვა და სახე დაუსერა. ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.