ეს ის ძვირადღირებული ავტომობილია, რომლის გამოც ნიკა გვარამია დრეს პროკურატურაში დაიბარეს


გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი - Porche Macan S და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. პროკურატურაში ამბობენ, რომ მათ შორის შედგა შეთანხმება - რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა გამოძიების ცნობით, აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ორი ხელშეკრულება: პირველი - ნიკა გვარამიას ინიციატივით „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის 76 700 ევროს ღირებულებით ავტომანქანა Porche Macan S-ის ნასყიდობის შესახებ. ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. მეორე დოკუმენტი - „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის 76 700 ევროს ღირებულების სარეკლამო მომსახურებას გულისხმობდა.

რადგან „პორშეს ცენტრი“ 76 700 ევროს ღირებულების სარეკლამო მომსახურებას ერთ წელიწადში ვერ აითვისებდა, ხოლო კომპანია „თეგეტა მოტორსის“ (რომელშიც „პორშეს ცენტრიც“ შედიოდა) წლის სარეკლამო ბიუჯეტი, დასახელებულ თანხას ბევრად აღემატებოდა, შეთანხმების მიხედვით, 76 700 ევრო სრულ საბარტერო მომსახურებად უნდა გაქვითულიყო. სანაცვლოდ „თეგეტა მოტორსს“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო მომსახურება, რაც 76 700 ევროს გადააჭარბებდა, შეღავათიან/დაბალ ფასად „პროესკო მედიას“ შუამავლობით უნდა ეყიდა.