ვინ იყო მსოფლიოში ერთადერთი კანონიერი ქურდი ქალი ნინა, რომლის საფლავიც კრიმინალურმა ავტორიტეტებმა გააკეთეს და დღემდე დადიან მის საფლავზე

ქურდული სამყარო თავისი კანონებით ცხოვრობს. მიიჩნევენ, რომ ტიტული - „კანონიერი ქურდი“ უნდა დაიმსახურო. საამისოდ კი უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი, მოხდილი რამდენიმე პატიმრობა და რაღა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა, იყოს მამაკაცი.

მათი წესების მიხედვით, ქალი ვერასოდეს გახდება „კანონიერი ქურდი“, როგორი კრიმინალური ბიოგრაფიაც უნდა ჰქონდეს მას.

უღიარებელი „კანონიერი ქურდი“ ან როგორც მას კრიმინალურ სამყაროში ეძახდნენ - „ქურდების დედა“, კალინა ნიკიფოროვა გახლდათ. კრიმინალურ სამყაროში მისი მეტსახელი გახლდათ ნინა.

ქურდული გზის დასაწყისი

კალინა 1945 წლის 15 ივლისს, ბაქოში დაიბადა. ეროვნებით ებრაელი გახლდათ. ღარიბი ოჯახის შვილი პატარაობიდანვე მიხვდა, რომ სიღატაკესთან მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით უნდა ებრძოლა.

ის პატარა ასაკში გაჰყვა ცოლად კაცს, რომელიც მამად კი არა, ბაბუად უფრო შეეფერებოდა. სამაგიეროდ, მისი რჩეული ოქრომჭედელი გახლდათ და ცოლი ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა.

„კანონიერი ქურდის“ პირველი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ქმარი მალე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება კალინას დაუტოვა.

ასეთი მდიდარი მემკვიდრეობით, ქალს შეეძლო, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.

ქმრის სიკვდილის შემდეგ, მალევე მუშაობა დაიწყო იმ დროს ცნობილ მაღაზიაში „ბერიოზკა“ და უცებ აუღო ალღო იმას, რომ ჩეკებით, რომლითაც მაღაზიაში ანგარიშსწორება ხდებოდა, გამდიდრება შეეძლო. იმისათვის, რომ გზა ხსნილი ჰქონოდა, საქმეში მაღაზიის დირექტორიც ჩართო და მოგებას უნაწილებდა.

სიფრთხილის მიუხედავად, გამყიდველისა და დირექტორის მაქინაციების შესახებ მილიციამ შეიტყო და კალინა პირველად უკანასკნელად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

1966 წლის ზაფხულში, მოსკოვში, 88-ე - „უკანონო სავალუტო ოპერაციების ჩატარების“ მუხლით გაასამართლეს და მოჟაისკის ქალთა კოლონიაში გაამწესეს. აღნიშნული დანაშაული საკმაოდ მძიმე სასჯელს ითვალისწინებდა - სიკვდილით დასჯასაც კი, მაგრამ დამნაშავემ ითანამშრომლა სამართალდამცავებთან და მიაწოდა ინფორმაცია ქურდებისა და თაღლითების შესახებ, რითაც სასჯელის შემსუბუქებას მიაღწია. გათავისუფლების შემდეგ მან ასევე მიიღო საბუთი - ე.წ „ჩვენიანი“, რაც მილიციის სისტემაში ჩანერგილ ადამიანებს ეძლეოდათ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე წარსადგენად.

ამასთან, ნიკიფოროვას კრიმინალური სამყაროც პატივს სცემდა, რადგან ის მილიციას მხოლოდ წვრილმან ქურდბაცაცებსა და თაღლითებზე აწვდიდა ინფორმაციას და არაფერს ამბობდა მსხვილ მოთამაშეებზე.

კრიმინალური და სასიყვარულო ურთიერთობა ცნობილ იაპონჩიკთან

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნინამ ლუდხანაში დაიწყო მუშაობა და ლუდის თაღლითურად, მაქინაციებით გაყიდვით იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებდა. თუმცა, ეს მაინც ეცოტავებოდა და გადაწყვიტა, დაკავშირებოდა ვასილევსკის დაჯგუფებას, რომლის წევრებიც მასთან ლუდის დასალევად ხშირად დადიოდნენ.

ერთ დღეს ბანდიტებს შესთავაზა, მოსკოვში რამდენიმე ე.წ. კატრანის, იგივე იატაკქვეშა კაზინოს გახსნა. კატრანის კლიენტებს შორის ქურდული სამყაროს ავტორიტეტებიც ბლომად იყვნენ. კალინამ სწორედ იქ გაიცნო მომავალი ქმარი (ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ) და მისი შვილის მამა, ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი.

ამ პერიოდიდან ისინი ყველა დანაშაულს ერთად სჩადიოდნენ - გამოძალვა, სპეკულაცია, ძარცვა მათი ყოველდღიური საქმიანობა იყო. საქმეში, რომელიც სამართალდამცავებმა ნიკიფოროვას წინააღმდეგ აღძრეს, ნათქვამია: „სპეციალიზაცია: სავალუტო ოპერაციები, ძარცვა, თაღლითობა. კოორდინაციას უწევს ადამიანებს, ვინც დაკავებულია ვალუტის ბრუნვით, სპეკულაციით, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებითა და პროდუქციის არალეგალური დამზადებით. იურიდიულად განათლებულია, კონსულტაციებს უწევს კრიმინალებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებში“. კალინას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის კარგი ცოდნა აძლევდა საშუალებას, რომ მილიციის კლანჭებში არ აღმოჩენილიყო.

მისმა რჩეულმა, იაპონჩიკმა კი ვერ დააღწია თავი სამართალდამცავებს. ის 1981 წელს დააკავეს. ოპერატიული თამნამშრომლები მას კალინას სახლთან ჩაუსაფრდნენ, რადგან იცოდნენ, რომ იაპონჩიკი იქ ღამეს ხშირად ათევდა. განაგრძეთ კითხვა