რა საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქეთი მელუა და ლიზა ბათიაშვილი საქართველოში
- 29/11/19
- 799 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ორი მსოფლიო დონის ვარსკვლავი - მუსიკოსი ქეთი მელუა და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ორი დღით სტუმრობდნენ თბილისს. მუსიკოსების მცირეხნიანი ვიზიტი ლიზას ახალი ალბომის ჩაწერა გახლდათ. ამ გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში მეგა ვარსკვლავი წერს:
„დროა მცირე საიდუმლოება გავამხილო. ეს ლამაზი და ნიჭიერი მუსიკოსი ჩემი ალბომის სტუმარია“ - წერს ლიზა ქეთი მელუაზე. იქვე რაჭველს გმირად მოიხსენიებს.
„მადლობა ჩემს სუპერ გმირს, ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც საოცარი მუსიკა დაწერა. დანარჩენს მალე შეიტყობთ.“
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი ახალი ალბომისთვის რამდენიმე ნაწარმოები საქართველოში ჩაიწერა. დისკში მსოფლიოში ცნობილი ავტორების ნაწარმოებები შედის, მათ შორის რაჭველის მუსიკა. დანარჩენი კომპოზიციების საორკესტრე ვერსიის ავტორიც, ჩვენი ინფორმაციით, რაჭველია. ჩაწერები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს.
ქეთიმ და ლიზამ ამ ორ დღეში უნიჭიერესი მუსიკოსის - 10 წლის ცოტნე ზედგინიძის გაცნობაც მოასწრეს.
მსოფლიო დონის ვარსკვლავებს გია ყანჩელის საფლავზე მისვლაც არ დავიწყებიათ. დიდუბის პანთეონში მაესტროს საფლავზე გადაღებულ ფოტოებსაც ლიზა აქვეყნებს წარწერით: „ყვავილები გია ყანჩელისთვის. კიდევ ერთხელ მის საფლავზე ორ შეუდარებელ არტისტთან ერთად. ყანჩელის მუსიკა უკვდავია... და მისი შესრულება კიდევ უფრო შთამებჭდავი, ვიდრე ოდესმე...“
მაესტროს საფლავზე ვიზიტის შესახებ ქეთიც წერს: „განსაკუთრებული დღე, გია ყანჩელის საფლავზე სტუმრობა, რომელიც სულ ყვავილებითაა მოფარული. მადლობა ლიზას და ნიკოლოზს ამ შესაძლებლობისთვის...“
მელუა „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, Leno Records-ში როგორ წერს სიმღერას ანსამბლი „შვიდკაცა“. თუ რა კავშირშია ეს სიმღერა კონკრეტულ ალბომთან, უცნობია. ამ გენიალურ ალბომზე ჯერჯერობით სხვა დეტალი არ ხმაურდება...


