რას უპირებს საპატრიარქო სასულიერო პირს, რომელსაც ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი
- 11/01/20
- 10662 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სასულიერო პირს, რომელიც ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში გაამწესებენ.
ინფორმაციას ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
“სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენ ხანს”.
10 იანვარს მოქმედ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეუფარდა.
როგორც სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 16:00 საათზე ჩატარდება.
ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. როგორც მან რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: „დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“.
ბრალდებული სასულიერო პირის, ლაშა ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა აბეშმაძის განცხადებით, ნინო ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს გაჩუმების სანაცვლოდ თანხას და ბინას სთხოვდა:
“მამაო წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. არანაირი მუქარის, არანაირი წამების მსხვერპლი არ არის ქალბატონი ნინო. ის არც მალავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მას აქვს გარკვეული ფინანსური ინტერესი. რადგან ოჯახში ორი სასულიერო პირია, მამა და შვილი, ის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის იმისთვის, რომ 100 000 დოლარი მიიღოს და 1 500 ლარი თვეში”.


