რატომ გადაუხადა ანიტა რაჭველისვილმა დავით ქაცარავას გირაო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ ქაცარავას გირაო ცნობილმა მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გადაიხადა.

როგორც სოფო „პრაიმტაიმთან“ აცხადებს ანიტასთან დისტანციური ნაცნობობა 2018 წლიდან იღებს სათავეს. 

სოფო ხაჭაპურიძე: - 2018 წლის ნოემბერში, როდესაც დათომ ატოცში 24 საათიანი პატრულირების თემა ააგორა, მყისიერად გამოეხმაურა ანიტა რაჭველიშვილი და ჰკითხა, რითი შემიძლია დახმარებაო. ზამთარი მოდიოდა, ღამით იცვლებოდნენ ჯგუფები. ყველას არ ჰქონდა შესაბამისი ტანსაცმელი და აღჭურვილობა. ანიტამ  თავისი მულის, მარიამ მაისურაძის ხელით ბიჭებს შეუძინა სპეციალური სამოსი, ქურთუკები. თხელი, არც სიცივეს ატარებს და ტყეში სამოძრაოდ პრაქტიკული სატარებელია. შარვლები, ფეხსაცმელები... კიდევ გზავნიდა საჭირო ნივთებს ევროპიდან. მარიამი ატოცში ადიოდა, პატრულირებაში მონაწილეობდა და ახალ წელსაც შეხვდა იქ ჩვენთან ერთად. სახლში გაკეთებული საჭმელები მოიტანა - საცივი, ტორტი... საოცარი ადამიანები არიან. 

თვითონ ანიტა პირადად ერთი კვირის წინ კონსერვატორიაში გავიცანი, მასტერკლასი ჩაატარა. მანამდე, პაატა ბურჭულაძის მასტერკლასზე ოთო გავიცანი, მისი ქმარი. ოთო მეუბნება - ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, არ იფიქრო, რომ ვარსკვლავებად მოგვაქვს თავიო და მე ტირილი დავიწყე...

ანიტა ძალიან უბრალო ადამიანია. არა ვარსკვლავური ტიპაჟია. თავისი პრინციპული შეხედულება აქვს ყველა საკითხზე. საკითხებიდან გარიყულად არ დგას. სულით ხორცამდე პატრიოტია, თავს ვალდებულად თვლის მსგავსი ნაბიჯები გადადგას. თვლის, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია. დათოსნაირ ადამიანებს გვერდში უდგას. დიახ, ანიტა რაჭველიშვილის რანგის ადამიანები უდგანან გვერდით. როგორი სასიხარულოა, რომ სრულიად უცხო ადამიანი მხარში გვიდგას და ეს უცხო ადამიანი მსოფლიო მოქალაქე და ავადროულად თავის ქვეყნის პატრიოტი ანიტაა. 

რატომ შეეფარდა ქაცარავას გირაო

ხურვალეთთან, სოფელ ბობნევში, მავთულხლართების იქით აღმოჩნდა დათა პაპა. პაპამ მასთან მორიგ ვიზიტზე მისული ბიჭებისგან ითხოვა - წნევის წამლებს ვერ ვყიდულობ და როცა შეძლებთ ჩამომიტანეთო. აგვისტოში დათო ქაცარავამ თხოვნის შესრულება გადაწყვიტა და როგორც სოფო „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ხურვალეთის ჩაკეტილი პოსტი რომ გადაეკვეთა, დათომ პრესცენტრს დაურეკა - შემიშვითო. ნებართვა აიღო, მაგრამ ხურვალეთის პოსტთან ალოდინეს. მერე პოლიციელები გააყოლეს. 

სოფო ხაჭაპურიძე: - ჩხუბის ინციდენტი ისეთ ადგილას მოხდა, სადაც წესით სოფლის უბრალო მოსახლეობა არ მიდის. სპეციალურად დახვდნენ დათოს მანქანას და გაეკიდნენ. გამარჯობისთვის გაწვდილ ხელში ჩაარტყეს, დათომ უპასუხა, ისინი დაესივნენ... მერე ჩვენ ვიჩივლეთ. ოთხი თვის თავზე პროკურატურად გადაწყვიტა, დათოა ბრალდებული და მათზე იძალადა. 

პირველი სასამართლო პროცესი გორში ჩატარდა და დათო გამართლდა. მერე ქალბატონმა პროკურორმა, რუსუდან ლაბაძემ აპელაცია შეიტანა. თბილისში სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სხდომა, სადაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დათოსაც და მათგან ერთ-ერთს 1000 ლარიანი გირაო დააკისრა. აი, სწორედ მაშინ ანიტამ დათოს მისწერა, მაგ თანხას ჩვენ დაგიფარავთო. 

11 თებერვალს არსებითი განხილვის პირველ სხდომას ველოდებით. დათოს მაღალი დონის ადვოკატები უსასყიდლოდ ეხმარებიან. სამართლიანობის იმედი გვაქვს, თუმცა ისეთები ხდება, რომ ყველაფერს ველოდებით