ვინ არის მეცამეტე ინფიცირებული ქართველი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია და დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

ცერცვაძის თქმით, ის კლინიკაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მივიდა.

„მე-13 პაციენტი არის ახალგაზრდა ქალი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. აღენიშნება ტემპერატურის მომატება – 37.3, მცირე ხველა. ის კლინიკაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით შემოვიდა.

რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა იტალიაში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ, იქ დაინფიცირდა ხუთი ადამიანი და როდესაც ჩამოვიდნენ, მოხვდნენ ჩვენს კლინიკაში, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა ყველა მათი კონტაქტის გამოვლენა დაიწყეს. ეს ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიაში ერთ-ერთ დაინფიცირებულ პირთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმეა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებული 13 ადამიანია. კარანტინში 141, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69.