როგორ უნდა დაიცვათ თავი ენერგოვამპირებისგან

ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. იმ შემთხვევაში კი, თუ მას ასეთი წესით მიღებული ენერგია არ ჰყოფნის და ვერც ბუნებიდან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა, ეს მსხვერპლი, ანუ ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს.



ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით იყოთ, რადგან თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.



სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს და ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი ირთვება. კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი, თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.



ბუნებაში ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს, კერძოდ, პლანეტა მზისა და მთვარის ტიპის. ეგრეთ წოდებული, „მთვარის ტიპი“, არ არის აგრესიული, ნაკლებად საშიშია, „მზის ტიპი“ კი საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. „მზის ტიპის“ ენერგოვამპირი ხშირად აღგზნებულია, არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს. არ ითვალისწინებს სხვების რჩევებსა და აზრებს. მისთვის დარიგების მიცემა წყლის ნაყვაა. არის ეგოისტი, მაგრამ, იმავდროულად, კარგი ორატორი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი, ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული. ამ სტიქიის გავლენა კი მკვეთრად შეიგრძნობა მათში. „მთვარის ტიპის“ ენერგოვამპირი „მზის ტიპის“ ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავდება: ის სულ უკმაყოფილო, ცხოვრებაზე გულაცრუებულია და გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე. უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას, თავად კი ამ ენერგიით იკვებება.



თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია გამოქაჩოს, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ამიტომ, უნდა შეძლოთ მისი იგნორირება, მაგალითად, არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები; ან, პირიქით, შეტევაზე გადადით: სანამ ის აუწევს ხმას და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით, არ მისცეთ ლაპარაკის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ.



ბევრი ამბობს, ბედი არ მაქვსო. გახსოვდეთ, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ამით საკუთარ თავსაც თვალავთ, ენერგოვამპირისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ხდებით და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ.



წყარო