კანონი, რომელიც მომაბეზრებელი სარეკლამო ”ჭრისგან” დაგიცავთ
- 2015-02-07 08:24:15
- 2231 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებებით ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის კონკურენციის თანაბარი პირობები იქნება
პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განმარტავენ, კანონში დაგეგმილი ცვლილებებისას გათვალისწინებულია მაუწყებელთა მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი. ცვლილებების თანახმად, კომერციული რეკლამისთვის დაწესებული 20%-იანი შეზღუდვა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით აღარ იარსებებს და ამ მოცულობის შეზღუდვა გამოყენებული იქნება ყოველ საათში.
”მაუწყებლობის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს, კერძოდ კი იმ ნაწილს, სადაც საუბარია კომერციული რეკლამის საათობრივ შეზღუდვაზე, მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები და აცხადებენ, რომ ეს ცვლილება კონკრეტული ტელეკომპანიის შემოსავლების შემცირებისკენ არის მიმართული. თუმცა, ახლანდელ უმცირესობასა და ყოფილ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ეს კანონი სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შეიცვალა, რითაც ორიოდე ტელეკომპანია მეტად მომგებიან პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, 2011 წლამდე, ”მაუწყებლობის შესახებ კანონში” არსებობდა ჩანაწერი, რომლითაც კომერციული რეკლამა საათში 15 წუთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ყოფილი ხელისუფლების პირობებში კი კანონში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც მაუწყებლობის ბადეში რეკლამისთვის გამოყოფილი 20% მაუწყებლებს შეეძლოთ თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინათ. შედეგად მივიღეთ ის, რომ სატელევიზიო რეკლამების დიდმა ნაწილმა ე.წ. პრაიმ თაიმში მოიყარა თავი. საბოლოოდ, მაყურებელმა მომაბეზრებლად ხანგრძლივი სარეკლამო ”ჭრები” მიიღო, რომელთა ხანგრძლივობა საერთო ჯამში, ხშირად თავად გადაცემის ან ფილმის დროსაც კი აჭარბებს. ამიტომაც არის, რომ მაყურებელი დღეს ყველანაირად ცდილობს მომაბეზრებელ რეკლამას აარიდოს თავი - გადაახვიოს, დააპაუზოს, სხვა არხზე გადართოს, ან უბრალოდ, მანამ სანამ ტელევიზიით რეკლამა გადის, სხვა რამით დაკავდეს. შედეგად სატელევიზიო რეკლამამ ფასი დაკარგა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. სამაგიეროდ, იხეირა რამდენიმე მაუწყებელმა, რადგან სახელდახელოდ კანონში შეტანილი ცვლილებებით შესაძლებლობა ჰქონდა თითქმის ყველა დამკვეთისთვის ყველაზე რეიტინგული სარეკლამო დრო შეეთავაზებინა. შესაბამისად, სატელევზიო რეკლამის ფასი შემცირდა, ხოლო სარეკლამო ბიუჯეტების დიდი ნაწილი ვიწრო ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ამ ფონზე კი სხვა მედიასაშუალებებს, უპირველეს ყოვლისა კი შედარებით მცირე ტელევიზიებს, შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა იქონია მათი განვითარების პერსპექტივებზე. ახალი რეგულაციებით კი კანონი თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება, რომლითაც ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის კონკურენციის თანაბარი პირობები იქნება. რეკლამა თანაბრად გადანაწილდება სხვა დროზე, ან სხვა მედიასაშულებებზე, მათ შორის, შედარებით მცირე ტელევიზიებში, რადიოში, ან თუნდაც, პრესაში.
წაიკითხეთ სრულად