"სანამ ვირუსები იარსებებს და სანამ წამლებს შექმნიან, ეს აპარატი დაიცავს ადამიანებს..." - მსოფლიოს ნომერ 1 პრობლემა გადაწყვეტილია, ქართველმა გამომგონებელმა ხელოვნური სუნთქვის პორტატული აპარატი შექმნა

სანამ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, იგი ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც  იმით გაითქვა სახელი, რომ    ინოვაციურ  პროექტებს ნერგავდა. მილიარდები სწორედ ამან მოუტანა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წელს იგი ქართველ გამომგონებელ თემურ მაისურაძის ერთ–ერთი პროექტით დაინტერესდა. საქართველოში ტრამპის ვიზიტის დროს მისი წარმომადგენელი  ქართველ გამომგონებელს დაუკავშირდა და ბათუმში ჩაბრძანება სთხოვა.

მაშინ სხვა გამოგონებაზე იყო საუბარი და „ქრონიკა+“ პირველი იყო, ვინც ამის შესახებ წერდა. დღეს თემურ მაისურაძე ახალ, სრულიად სენსაციურ გამოგონებას სთავაზობს საქართველოს მთავრობას. საუბარია პორტატულ სუნთქვის აპარატებზე, რომელიც COVID 19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოს #1 პრობლემაა.

„ქრონიკა+“-ს  ესაუბრება გამომგონებელი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი  თემურ მაისურაძე:

– ამ აპარატის შექმნის იდეა კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გამიჩნდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაიბარა „ჯენერალ მოტორსის“ ხელმძღვანელობა და მოსთხოვა, რომ  არ მინდა თქვენი თვითმფრინავები, არც ძრავები, სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა სასუნთქ აპარატებზეო. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და ეს არ ეხება მხოლოდ  ამჯერად გავრცელებულ ვირუსს.

– რას გულისხმობთ?

– არ არის გამორიცხული, რომ პანდემია შემობრუნდეს. ახლა კი ჩავაქრობთ, მაგრამ შემდეგ ან იმის შემდეგ  წელს რა მოხდება, არავინ იცის. ვიდრე არ არსებობს COVID 19-ის ვაქცინა, ყოველთვის არის განმეორების საშიშროება. თან, როგორც წესი, შემობრუნების დროს ვირუსის შტამი მუტაციას განიცდის, როგორც იყო  ატიპური პნევმონიის შემთხვევაში. ასე რომ, სანამ ვიღაცას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება, კარგია, თუ საქართველოს ხელთ ექნება პორტატული სასუნთქი აპარატი.

– რას წარმოადგენს თქვენ მიერ შექმნილი ახალი სასუნთქი აპარატი?

– ჩემ მიერ შექმნილი აპარატი შეძლებს უზრუნველყოს: წნევის სტაბილური მიწოდება, ჰაერის მოცულობის რეგულირება 0.3-0.9 ლიტრის ფარგლებში და ასევე სუნთქვის სიხშირის გლუვად რეგულირება; აპარატს აქვს ჰაერის ფილტრი, ორთქლის საწრეტი და დამატებითი საჭიროებისთვის ჟანგბადის არხთან მიერთების შლიუზი, ხოლო დამატებით,  შეიძლება აღიჭურვოს აკუმულირების ბლოკით ავტონომიური მუშაობის უზრუნველსაყოფად 3-4 საათის განმავლობაში. ასეთი ქართული აპარატის სერიული წარმოება 1 თვეშია შესაძლებელი. მე შემიძლია საკუთარ თავზე ავიღო მთლიანად ამის პასუხისმგებლობა. ეს აპარატი იქნება მინიმალური ფასის და იმუშავებს იდეალურად.

– მინიმალურ ფასში რას გულისხმობთ?.. ეს აპარატები  ძალიან ძვირი ღირს, ამიტომაც კლინიკები მხოლოდ ერთეულობით ყიდულობენ, ამ დროს კი საჭიროა ასეულობით.

– სერიული წარმოების შემთხვევაში თვითღირებულების  ფასი, დაახლოებით, 450 დოლარი იქნება.

– უცნაურად ჟღერს, 450-დოლარიანი ქართული სასუნთქი აპარატები იგივენაირად მუშაობენ, როგორც აპრობირებული დანადგარები?

– აბსოლუტურად! შეიძლება, ოთხნულიანი ღირებულების აღჭურვილობა უფრო მაღალი ხარისხის არის, მაგრამ ეფექტი ერთი და იგივე აქვთ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე ეს აპარატი არ შემიქმნია, როგორც ჩემი ბიზნესი. დავჯექი, ვიმუშავე, მოვიძიე ინფორმაცია, ჩამოვტვირთე ყველაფერი, შევაჯერე ყველა დღეს არსებული სქემა და მივაგენი მარტივ გამოსავალს – ეს არის და ეს!  მე არ ვაპირებ ფულის კეთებას და არც იმას, რომ ეს გავხადო ჩემი ბიზნესი. ახლა, პირველ რიგში, მთავრობა უნდა დაინტერესდეს, თუ საერთოდ აინტერესებს ეს თემა, რა თქმა უნდა.

– ვინმეს შესთავაზეთ ეს იდეა? ნიმუშებს თქვენ ხომ ვერ აწარმოებთ? – საწარმო უნდა ამუშავდეს, რომელიც ამას გამოუშვებს.  

– არავისთვის არ შემითავაზებია და კაბინეტებში სიარულსაც არ ვაპირებ. თქვენ იცით, რომ მე უამრავი გამოგონების ავტორი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ტურიზმი არ არის ქვეყნის ეკონომიკის გამოსავალი, ვინაიდან რისკების მატარებელია და ამ კონკრეტულმა მდგომარეობამ უჩვენა, როდესაც ბიზნესი შეიძლება ერთ დღეში გაჩერდეს. ქვეყანა უნდა იდგეს უფრო მყარ თემებზე და ეს არის სიახლეებზე აგებული ეკონომიკა, რომლის ფარგლებშიც შენ გაქვს ექსკლუზიური წარმოების უფლება. ვგულისხმობ, პატენტებზე  და ნოუჰაუზე დაფუძნებულ პროექტებს. ბევრი ასეთი გამოგონება ზოგი დაპატანტებული მაქვს, ზოგიც – განხორციელებული. მაგრამ ჩვენთან ხომ იცით, როგორი მიდგომაა – ერთ დოლარს რომ ითხოვ, იმის უკან 2-3 დოლარი უნდა ჩანდეს პირდაპირ გამზადებული. თუ ეს არ არის, მაშინ შენი პროექტი არავის სჭირდება. საქართველოში სამრეწველო სული დაიკარგა – აქ მხოლოდ მიკიტნობისა და ვაჭრობის სული ტრიალებს, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში.

– და მაინც, მთავრობის წევრებიდან  ვინმემ თუ ნახა თქვენი გამოგონება?

– ნახეს. გარდა დადებითი გამოხმაურებისა, ვაი, რა კარგია და რა მაგარია –  არც არაფერი უთქვამთ. ამ დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა და დეპუტატებმაც ძალიან კარგად იციან,  ვინ ვარ და რისი გაკეთება შემიძლია.  ხელოვნური სუნთქვის აპარატი CPAP (Continuous Positive Airway Pressure) – დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. ბევრი დრო მქონდა ასეთი აპარატის მოსაფიქრებლად და შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, რომ გუნდური მუშაობის პირობებში,  პირველ ეტაპზე მაკომპლექტებლების თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან იმპორტით, მეორე ეტაპზე კი სრულად ადგილზე წარმოებული დეტალებით, საქმეს წარმატებით გავართმევ თავს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი აპარატი არ მიიღონ,  ვინაიდან გარკვეულ ჯგუფს შეიძლება სასუნთქი აპარატების შემოტანა უნდა და ამაზე ფულის გაკეთება. ყოველთვის ასე იყო –  ვიღაც სულ აზის რაღაც ბიზნესს და ამიტომ ვერ შეიქმნა კონკურენტუნარიანი ეკონომიკა საქართველოში, სადაც მართლა კონკურენტები იმუშავებდნენ და არა – ლობისტები. ამ ბრძოლაში კი მე არ შევალ.

თამარ როსტიაშვილი