"მარიამი დაბადებულა... ალბათ 3000 ლარიან ჯარიმას დამიწერთ ხო..."
- 13/04/20
- 7781 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
- ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, - მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას.
- ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? - გაეღიმა ნიკას.
- შესაძლოა, - პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, - ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია?
- კი, ვიცი, - ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს.
- გასაგებია, - პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო.
- იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, - უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, - პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ.
- იქაური ხართ?
- არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს.
- ფეხით რატომ მოდიხართ?
- ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, ნახალოვკაში პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო.
- პირველი შვილია?
- კი.
- ბიჭია?
- გოგოა.
- გათენებას რატომ არ დაელოდეთ?
- ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი.
- არ მატყუებთ?
- არა, გეფიცებით.
პოლიციელი ჩაფიქრდა.
- რა ხდება მანდ? - გასძახა პოლიციელს მეწყვილემ.
- ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, - მიუგო პოლიციელმა.
- რა სჭირს, ორსულადაა, - იხუმრა მეწყვილემ.
- პირველი შვილი შეეძინა, გოგონა.
- დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, - საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა.
- დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? - ჰკითხა ნიკამ.
- დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება.
- მაინც რა ერქვა? - დაინტერესდა ნიკა.
- მარიამი, - მიუგო მეწყვილემ.
- მართლა? - გაუხარდა ნიკას.
- კი, მართლა, - თავი დაუქნია მეწყვილემ, - მაგრამ ასე რამ გაგახარა?
- იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის...
- მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, - თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას.
- საქმე ისაა, რომ ამცდება, - გაეცინა ნიკას.
- ვითომ რატომაო? - ჩაეძია მეწყვილე.
- იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა.
პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ.
- მართლა? - ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა.
- რა თქმა უნდა, - შესძახა ნიკამ.
- წავედით სამშობიაროში, - აღმოხდა მეწყვილეს, - არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ.
- მერე ჯარიმა? - ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა.
- რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!...
პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ ნახალოვკისკენ.
ავტ : გელა ბერუაშვილი