ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ აი ასე შუა კომენდანტის საათის დროს გავხდი მამა

"ეკიპაჟს 7310 - მადლობა!"

დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი, როგორც ოპერატორს, კამერის უკან დგომა მირჩევნიაო, მითხრა ჩემმა რესპონდენტმა გიორგი ძოწენიძემ, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ განცდებზე - სიხარულსა და ბედნიერებაზე - მასზე უკეთ ვერავინ მომიყვებოდა. ჩვენი ინტერვიუც ამის დასტურია. გიორგი ძოწენიძე რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მართალია, მშობიარობა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ პატარა ევამ მშობლებისა და ექიმების გეგმა არაფრად ჩააგდო და კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა დაბადება.

- ღამის 3 საათზე ჩემი მეუღლე
თიკა დარბაისელი მაღვიძებს, მშობიარობა დამეწყოო. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მანქანაში როგორ ჩავსხედით. თიკა არ იყო კარგად, ამიტომ გიჟივით გავრბოდი - სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე და პატრულიც ამედევნა. მანიშნა, გააჩერეო. გავაჩერე, მაგრამ სანამ პატრულის თანამშრომელი ჩვენს მანქანას მოუახლოვდებოდა, მე გადავედი - მეუღლე მყავს ცუდად და სამშობიაროში გავრბივართ-მეთქი. აღარაფერი უკითხავთ - მიდი, ჩქარა, დაჯექი და მიგაცილებთ სამშობიარომდეო, მითხრეს. მანქანაში ჩავჯექი, სარკეში პატრულს გავხედე და სანამ გადამისწრებდა, ეტყობა, პროფესიული ხედვა ჩამერთო - წარმოვიდგინე, როგორი მნიშვნელოვანი კადრების გადაღება შემეძლო ამ მომენტის დასამახსოვრებლად. ასე შემოვინახე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები. მომავალში ევას ვაჩვენებთ, როდის მოუწია ამქვეყნად მოვლენამ და რა ამბები გავიარეთ მის დაბადებამდე.
სამშობიაროში რომ მივედით, პატრ­ულმა, აგაცილოთო? - მკითხა. ვიცოდი, არ ამიშვებდნენ, ამიტომ ვუთხარი, არა, მაგრამ იქნებ დამელოდოთ, თიკას დავტოვებ და ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მინდოდა, გამეცნო და მადლობა გადამეხადა, მაგრამ როცა ჩამოვედი, წასულები დამხვდნენ. შევწუხდი, მაგრამ ეკიპაჟის ნომერი მახსოვდა - 7310. დავრეკე 112-ში, მოვუყევი, რაც მოხდა და ეკიპაჟის წევრების გვარ-სახელები ვკითხე, მაგრამ არ მითხრეს - არ გვაქვს უფლება, თუმცა არ იდარდოთ, მადლობას ჩვენ გადავცემთო... მჯერა, გადასცემდნენ, მაგრამ თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ გამოვხატავ მათ მიმართ ჩემს განსაკუთრებულ მადლიერებას. განაგრძეთ კითხვა