ამერიკელი მეცნიერების დასკვნით კორონა ვირუსს მზის სხივები კლავს

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მზის სხივები კი მას სწრაფად ანადგურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

კვლევა მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნულ ცენტრში (NBACC) ჩატარდა. თუმცა, ოფიციალური პირები დეტალური დასკვნების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ და საკითხში უკეთესად გასარკვევად დროს ითხოვენ.

მეცნიერებმა ვირუსის ტესტირება ლაბორატორიაში განსხვავებულ გარემო პირობებში ჩაატარეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ღია სივრცეში კორონავირუსის გადაცემის რისკი შედარებით დაბალია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის 20-პროცენტიანი ტენიანობისას, 2-3 წუთია. 9-10 წუთში კი ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 90 პროცენტით მცირდება.

რაც შეეხება დახურულ სივრცეს, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ყველაზე მდგრადი ჰაერის დაბალი ტენიანობის (20%) დროსაა. 40 პროცენტზე მეტი ჰაერის ტენიანობისას კი ის სწრაფად დაშლას იწყებს. ვირუსი ნაკლებად სტაბილურია აგრეთვე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

როგორც გამოცემა წერს, ახალი მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ზაფხულის სიცხემ COVID-19-ის გავრცელება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს.