''მთელი საქართველო მირეკავდა, შორენამ გემრიელი კოცნა იცისო?''

ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც ყველა მამულიჩათი იცნობს, ერთი კვირით შორენა ბეგაშვილის მეუღლე გახდა და მასთან ერთად ეგვიპტეში დაისვენა. ''მარაო რუსთავი 2'' გამოირჩევა მსგავსი პროვოკაციული იდეებით და ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო.
რასაკვირველია, ყველა დაინტერესდა, როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე ლელა წურწუმიას, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ლელა თავადაც გაემგზავრა ეგვიპტეში ''ბედნიერ წყვილთან'' ერთად და როგორც მამულიჩა ამბობს, შორენას იქით აგულიანებდა, ცოტა მეტი სითამამე გამოიჩინეო.

- ლელამ როგორ მიიღო ეს წინადადება?
- სრულიად ჩვეულებრივად.
- ეჭვიანი არ არის?
- არა. თავიდან პროდიუსერებმა რომ დამირეკეს, ნაკლებად იმედიანად იყვნენ. რაზე უნდა ეეჭვიანა, რა ჰქონდა საეჭვიანო? ეგვიპტეშიც არ აპირებდა წამოსვლას და მე ვთხოვე. იქ არსად დაგვყვებოდა. გადაცემას ერთად ვუყურეთ და ბევრი ვიცინეთ.
შორენას არც მე ვიცნობდი და არც ლელა, მხოლოდ გამარჯობით. შორენა ჩვენთვის ''ახალი ხილი'' იყო (იცინის).
როცა ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მთხოვეს, მენახა სხვა გამოშვებებიც. სიმართლე გითხრა, მინდოდა, ცოტა იუმორისტულად გადაწყვეტილიყო და ჩემი სცენარი შევთავაზე, ჩემი იდეები. სხვათა შორის, არაჩვეულებრივი პროდიუსერები ჰყავთ, ძალიან მაგრად იმუშავეს. მე და ლელამ დიდი მადლობა გადავუხადეთ. მაქსიმალური თავისუფლება მომცეს. ერთობლივად კარგად ვიმუშავეთ. მოეწონათ ჩემი იდეებიც. მაგალითად ის, რომ კახუჩელა ყოფილიყო შორენას შემდეგი ქმარი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ლელას მონაწილეობაზეც რომ ვუთხარი, მიპასუხეს, ვერც ვიფიქრებდით, თუკი ლელაც ჩაერთვებოდაო (იცინის). მერე, გადაცემას რომ ვუყურე, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. არ მინდოდა, ისე გამოვჩენილიყავი, როგორც შორენაზე გაგიჟებული მამაკაცი. ამას ნამდვილად ვერ ვითამაშებდი. უნდა გამოსულიყო ბუნებრივი და არა ნათამაშები. უფრო მეტად ერთმანეთს ''ვჭამდით'', მიდიოდა ჭიდაობა და მთელი მუღამიც ეს იყო.
- შენთვის ყველაზე სამხიარულო რომელი ნაწილი გამოდგა?
- ეგვიპტეში ყოფნის. სხვაგან რომ ხარ, უფრო მეტი სილაღე და თავისუფლებაა. რესტორანში ჩასვლის ეპიზოდი იყო გამორჩეული, ისე ციოდა, გავიყინეთ, მაძაგძაგებდა, ძალიან ცუდად ვიყავი. დღე ჩვეულებრივი ამინდი იყო, საღამოს ძალიან გრილოდა. კახუჩელაც მაგრად მერჩოდა (იღიმის).
- შორენას აქამდე არ იცნობდი. როგორი აღმოჩნდა?
- საერთოდ, ადამიანებში არასდროს ვცდები. კარგი გოგოა, თავისი შინაგანი სამყარო აქვს და ამ სამყაროში ცხოვრობს. მასში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. კარგი ადამიანია, მაგრამ ბოლომდე ვერ გავხსენი.
- ეგვიპტეში რამდენი ხანი გაატარეთ?
- ხუთი დღე.
- როდესაც გადაღებები არ იყო, მაშინ რა ხდებოდა?
- არაფერი განსაკუთრებული. დროს აუზზე ვატარებდით. ხან იქ გვპატიჟებდნენ, ხან - აქ. კახუჩელამ ის ხალათი რომ ჩაიცვა, მართლა შაჰი ეგონათ. აქეთ ლელა, იქით - შორენა. ბედნიერად გრძნობდა თავს.
- შენმა მეგობრებმა რომ გაიგეს, შორენას ქმარი უნდა ყოფილიყავი, ალბათ, მათგან ბევრი კომენტარი წამოვიდა.
- ბევრი ხუმრობა, ბევრიც - შეურაცხყოფა, კარგი გაგებით (იღიმის), ''შურის'' გამო. სხვათა შორის, ძირითადად, ჩემი მეგობარი გოგონებისგან იყო ბევრი კომენტარი, რა ხდებოდა, ბოლომდე თქვიო. კოცნის ამბავი ისე დაამონტაჟეს, ძალიან ვნებიანი გამოვიდა. სცენა კი სულ სხვანაირი იყო, ორი კამერით გვიღებდნენ. პროდიუსერებს დავურეკე, რა ხდება-მეთქი (იცინის). რეკლამა ისე გაკეთდა, მთელი საქართველო მირეკავდა, შორენამ გემრიელი კოცნა იცისო?
- ამ კოცნამაც არანაირი უხერხულობა არ შექმნა?
- არანაირი.
- არავინ ელოდებოდა, რომ ლელა ამაზე არაფერს იტყოდა.
- ყველა ვინც ახლოს გაიცნობს, ეუბნება, საერთოდ სხვანაირი გვეგონე და სხვა ადამიანი აღმოჩნდიო. ლელა თავისებური ადამიანია. იხსნება იმ ხალხთან, რომლებთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს. თუ ახლოს მიგიშვა, მიხვდები, რა ტიპაჟია.
- შორენა არის ის ქალი, რომელიც შენს პირად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს?
- ძალიან ლამაზი გოგონაა, კარგად გავიცანი და ჩვეულებრივად ვურთიერთობდით. სხვადახვანაირი ტიპაჟები ვართ. რომ მკითხო, შორენას ცოლად მოიყვანდიო? გიპასუხებ, რომ ვერ მოვიყვანდი. ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან, რადგან ძალიან დავახლოვდით. ბევრი ვიცინეთ ერთად. ჩვენი ცოლ-ქმრობა ისე დამთავრდებოდა, როგორც პატრულის გადაცემა, ან ქმარი მოკლავდა ცოლს, ან ცოლი - ქმარს (იღიმის).


წაიკითხეთ  სრულად