ბავშვებში გავრცელებული უცნობი დაავადების სიმპტომები, რამაც ნიუ-იორკში უკვე 3 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა
- 11/05/20
- 987 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
The New York Times-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ბოლო პერიოდში 3 ბავშვი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა ახალ კორონავირუსს უკავშირდება.
„ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა… ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
ენდრიუ კუომოს თქმით, ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში სასწრაფო დახმარების საშუალებით შეჰყავდათ, არ ჰქონდათ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სინდრომები; მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში ჰქონდა ახალი კორონავირუსის ანტისხეულები.
სპეციალისტების თქმით, კი ბავშვები რისკის ქვეშ შესაძლოა იმიტომაც არიან, რომ მათი იმუნური სისტემა ბოლომდე განვითარებული არ არის.
რაც შეეხება სიმპტომებს, ის ტოქსიკურ შოკს ჰგავს, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე. ზოგ ბავშვს მექანიკური ვენტილაციაც სჭირდება.
ექიმების თქმით, თუ ახალი კორონავირუსი, ძირითადად, მოზრდილების სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახალი დაავადება ან სინდრომები ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს.
ასევე ახალი დაავადების სიმპტომები, ექიმების თქმით, კავასაკის დაავადებას ჰგავს. ეს უკანასკნელი კი ცნობილია, რომ გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.
მსგავსი სიმპტომები ბავშვებში, ნიუ-იორკის შტატის გარდა, აღირიცხა ლუიზიანის, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში.
უახლოეს წარსულში, სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა დაითვალეს ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.