
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15 ივლისამდე არ აღდგება ტყუილი აღმოჩნდა
- 23/05/20
- 3028 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება.
თუმცა, როგორც მთავრობის კანცელარიაში აღნიშნულთან დაკავშირებით განგვიმარტეს, 15 ივლისი არის დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ისევე როგორც მოხდა ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის გახსნა, მოიხსნა საკარანტინე ზონები, ან შეზღუდვა ავტომანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე და ა.შ.
შესაბამისად, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს - როგორც კი ტრანსპორტის ამოქმედება გადაწყდება, დადგენილება გაუქმდება ავტომატურად.
რაც შეეხება მთავრობის 322-ე დადგენილებას, მისი მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა.