მთავრობის გადაწყვეტილებით, ვის შეეხება იპოთეკური სესხების სუფსიდირება

მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. პრემიერის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილი განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტს. მისივე განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი — 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7 პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა", - ამბობს ლილუაშვილი.

რა პირობებია და ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია
სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო სესხი;
სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება -4%;
სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;
სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.