ვინ არის თურქეთში გაქცეული კანონიერი ქურდი, ლაშა ბარათელი და რა აკავშირებს მას შორენა ბეგაშვილთან

გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი 2016 წელს რუსეთიდან საქართველოში ისე გამოადეპორტეს, რომ ქართველი სამართალდამცველებისთვის შეტყობინება არ გამოუგზავნიათ.
მაშინ ბარათელი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით კვლავ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდა, თუმცა ქართულმა პოლიციამ ის საზღვარზე დააკავა და „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედებაში გამოხატული დანაშაული არ უფიქსირდებოდა სასამართლომ ლაშა ბარათელი უდანაშაულოდ სცნო, თუმცა იმავე დღეს „კანონიერმა ქურდმა“ ქვეყანა დატოვა და სარფის გავლით თურქეთში გადავიდა.
ჩვენი ინფორმაციით, ბარათელი ამჟამადაც თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და აქტიურად არის ჩართული კრიმინალურ გარჩევებში.
კონფიდენციალური წყარო გვიყვება, რომ მას ხშირად საქართველოდანაც სტუმრობენ, მათ შორის ცნობილი მეგობრები.
მაგალითად, ლაშა ბარათელთან ახლო მეგობრობა აკავშირებს მსახიობ შორენა ბეგაშვილს.
წარმოშობით სოხუმელ ლაშა ბარათელს კრიმინალურ წრეებში „ჭიას“ მეტსახელით იცნობენ.
ის ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან.
სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი 24 წლის ასაკში.
ამ კლანის სახელს უკავშირდება ქურდული სამყაროს „ნათლიმამის“, „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.
მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს.
მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.