"დღეს მე 15 წლის წინ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ვაღიარე..."

ჟურნალისტის მოგონებები

2005 წლის ზამთარია. ისეთი ყინვები დაიჭირა იმ წელს, ძვალსა და რბილში ატანდა. ზუსტად რომელი თვე იყო, ვეღარ ვიხსენებ, მგონი, დეკემბერი იყო. გაზეთ „ალიაში“ ვმუშაობდი. იმ დღეს ვისვენებდი. დასაძინებლად დაახლოებით 1–ელი საათისთვის დავწექი, ძილ–ბურანში ვიყავი, მობილური ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. ტელეფონის ეკრანს დავხედე და გიორგი ბრეგვაძე მირეკავს, „ალია ჰოლდინგისა“ და ჩემი შეფი. მივხვდი, რაღაც არაორდინალური ხდებოდა, თორემ დროს არ დამირეკავდა. ვუპასუხე. გიორგი მომესალმა და  პირდაპირ საქმეზე გადმოვიდა. გაბრაზებული იყო, „ალიას“ ყველა ჟურნალისტს დავურეკე, ვინც ამ საქმეს აკეთებდა, ზოგს გათიშული აქვს ტელეფონი, ზოგი არ მპასუხობს, ეტყობა სძინავთ. შენი შეწუხება არ მინდოდა ამ ყიამათში, ამ შუაღამისას, არ მინდოდა, წყნეთიდან თბილისში ჩამომეყვანე, მაგრამ სხვა გზა არ არის, ძალიან სერიოზული საქმეა და მასალა უნდა გააკეთო, ადექი, ჩაიცვი და 5 წუთში დაგირეკავო.

ავდექი, ფართხა–ფურთხით ჩავიცვი და გიორგიმ გადმომირეკა. რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, ტელეფონში ვერ გეტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს გვისმენენ. როგორმე ჩამოდი თბილისში და ბაგებში, კუს ტბის ასახვევთან, შავი ჯიპი დაგვხვდება, ის ხალხი მოგიყვება ყველაფერს და სადაც საჭიროა, იქაც წაგიყვანენო. ჯიპის ნომერი მითხრა და ყოველი შემთხვევისთვის, ვინც უნდა დამხვედროდა, მისი ტელეფონის ნომერი მომწერა, ვინმე ბატონი დავითისა, რომელიც როგორც ვივარაუდე, ბატონი დავითი არ აღმოჩნდა.

შეგნებულად არ მითხრა მისი სახელი გიორგიმ, სიფრთხილისთვის.
მეგობარს დავურეკე, გავაღვიძე და ვთხოვე, მანქანით ბაგებში ჩავეყვანე. საკუთარი მანქანა არ მყავდა და დღემდე არ მყავს. 10 წუთში მოვიდა ჩემთან და 10 წუთიც არ დაგვჭირვებია ბაგებში ჩასასვლელად. კუს ტბის ასახვევთან მართლა შავი ჯიპი იდგა. გადმოვედი ჩემი მეგობრის მანქანიდან, ის უკან, წყნეთში წავიდა. მივედი ჯიპთან, მძღოლის მხრიდან მივუახლოვდი, გამიღო მძღოლმა კარები, მკითხა, შენ ხარ ლევან ჯავახიშვილიო? კი, მე ვარ–მეთქი. წინ დაჯექიო, მიპასუხა. მოვიარე და დავჯექი. უკან საშუალო ასაკის, ბრგე მამაკაცი იჯდა, მომესალმა, მე ვარ დავითიო, მითხრა. მერე გაეცინა, სხვა სახელი მქვია, მაგრამ მოდი, ჯერ არ გეტყვი ჩემს სახელსო. მეც გამეცინა, ვიცი, დავითი რომ არ გქვიათ, მაგას ადრევე მივხვდი, როგორც თქვენ იტყვით, ისე იყოს–მეთქი.

ბატონმა დავითმა მძღოლს უთხრა, წავედითო. გზაში მითხრა, სად და რისთვის მივდიოდით. მოკლედ, ენერგეტიკის მინისტრის, ნიკა გილაურის თანაშემწე, ნიკა ასათიანი გაეტაცებინათ თბილისის შემოგარენის ერთ–ერთ სოფელში. მას გაქცევა მოეხერხებინა და გამტაცებლებმა თავი დაანებეს. ასათიანმა მოახერხა პოლიციაში დარეკვა და იმ სოფლიდან პოლიციამ ჩამოიყვანა. გამტაცებლებიც დააკავეს და დაზარალებულიც და ეჭვმიტანილებიც მთაწმინდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ, თაბუკაშვილის ქუჩაზე. ბატონმა დავითმა მითხრა, რომ ამ საქმეში უშუალოდ ვანო მერაბიშვილია გარეული, ასათიანი შსს–ს დაკვეთით, მათმა „ზონდერებმა“ გაიტაცეს და ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს საქმე არ გახმაურდესო. საქმის მთლად ჩაფარცხვაც უნდოდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათო. აი, მხოლოდ ეს ვიცოდი, როდესაც ოპერის შენობასთან მივედით. იქ ჩამომსვეს, ბატონი დავითი წავიდა შავი ჯიპით, მე კი მთაწმინდის პოლიციისკენ გავეშურე.

შევედი პოლიციის ეზოში და შსს–ს პრეს–ცენტრის უფროსი, გურამ დონაძე დავინახე. სახეზე მიცნობდა, ისედაც არ გვქონდა კარგი ურთიერთობა და რომ დავენახე, მიხვდებოდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და მეტი გულმოდგინებით შეეცდებოდა საქმის ჩაფარცხვას. კაპიუშონი გადავიფარე თავზე და ისე შევედი პოლიციის შენობაში. ვიდრე დონაძე იქ იყო, დაახლოებით საათნახევარი, მას ვემალებოდი, ვერავისთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე. დონაძეს თან ახლდა ოპერატორი და რასაც ეუბნებოდა, იმას იღებდა. იქ ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი და ოპერატორი დავინახე, მაგრამ გურამ დონაძეს დასდევდნენ, ვიფიქრე, რომ დონაძემ მათთან მოახერხა საქმის მოგვარება, რადგან ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც დონაძის მითითებას უსიტყვოდ ასრულებდნენ. რამდენიმე ფრაზას, დონაძის ოფიციალური კომენტარის ნაწილს მოვკარი ყური და საბოლოოდ დავასკვენი, რომ დონაძეს ამ საქმის ჩაფარცხვა სურდა და თუ ვერ ჩაფარცხავდა, ისეთ კადრებს აღებინებდა ტელევიზიებს, ისეთ კომენტარებს აძლევდა, თითქოს ნიკა ასათიანი შემთხვევით გაიტაცეს, სხვაში შეეშალათ, სხვა უნდა გაეტაცებინათ და ის შერჩათ ხელში. რაც მთავარია, გამტაცებლებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პოლიციასთან. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდებოდა, თუ ინფორმაცია მაინც გაჟონავდა, დაზღვევისთვის, გურამ დონაძე წავიდა, ჟურნალისტებიც თან გაჰყვნენ. მხოლოდ მაშინ დავიწყე მოქმედება.  განაგრძეთ კითხვა