კაცი, რომლის წასვლაც მთელს თბილისს დაეტყო

მას ქართლოსი ერქვა, გვარად კასრაძე იყო: საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, "იუმორის მეფე", ქართული ესტრადის მოღვაწე, პირველი კონფერანსიე, თანაც - პოლიგლოტი, რომელმაც 1800 კონცერტი ჩაატარა ევროპის ძალიან ბევრ ენაზე; სტოკჰოლმის დიდმა გაზეთმა მას "პატარა ჩარლი ჩაპლინიც" კი უწოდა; მან დააარსა და რედაქტორობდა საუნივერსიტეტო გაზეთ "ჭინჭარს"; იყო გამომცემლობა "ნიანგის ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი; პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოყვარულთა თეატრის - "სმეთის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ა.შ. კიდევ ბევრი
ასე შემდეგ შეგვიძლია მივაყოლოთ ამ ჩამონათვალს, მაგრამ ამჯერად მოკლედ გეტყვით - იგი უნიკალური ადამიანი იყო! როდესაც გარდაიცვალა, მწერალმა გიზო ნიშნიანიძემ ვერელების სახელით ნეკროლოგის ნაცვლად ეს სტრიქონები მიუძღვნა: "იყო და არა იყო რა - სულ ოქროს კვერცხი გვიგორა:/ ტირილი მოკლა სიცილით, სიცილი კვდება ტირილით".
ქართლოს კასრაძეფოტო: ქართლოს კასრაძე

ქართლოს კასრაძეზე საუბარი მის ქალიშვილებს - გურანდასა და ნაისს ვთხოვე და ძალიან გაიხარეს, რადგან კარგა ხანია, ეს უნიკალური ადამიანი სახალხოდ აღარავის უხსენებია...

მამა

ნაისი კასრაძე:
- თბილისში, ვერაზე, ბელინსკის ქუჩის 45 ნომერში, ძველი ორსართულიანი სახლის ფასადზე ორი მემორიალური დაფაა. ერთს აწერია: "ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კასრაძე", მეორეს - "ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ქართლოს კასრაძე". ეს ძველი, ერთ დროს ლამაზი სახლი ქართლოსის ახალდაქორწინებულ მშობლებს - დავით კასრაძესა და მის მეუღლე ქრისტინე ბიბილურს ქრისტინეს გამზრდელმა მამამ, იაკობ გოგებაშვილმა უყიდა. ქართლოსიც აქ გაიზარდა. ქართლოსს ორი უფროსი და ჰყავდა, ორივე უნიჭიერესი - დიელა და ნაისი. მე მისი სეხნია ვარ. ორივენი არაჩვეულებრივად ხატავდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ, უკრავდნენ ფორტეპიანოზე. სწორედ მათი რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მიიღო პირველი როლი ხუთი წლის ქართლოსმა. შემდეგი როლიში პატარა ქართლოსი მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას ასახიერებდა.