
რა შემოუთვალა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას
- 16/06/20
- 4731 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით ხდებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
გვარამია ამბობს, რომ გაბუნიაზე თვალთვალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. ლიკვიდაციის გეგმა კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის სკანდალურ ეთერს უკავშირდება:
"ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვლასთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ "რუსთავში 2"-ში, "პოსტკრიპტუმში" პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" - ამბობს გვარამია.
პუტინის მისამართით გაკეთებული მწვავე მიმართვა ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს. 2019 წლის ივლისში, მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.
"ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.
აღნიშნულს მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მეორე დღესვე გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი:
"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია" - დაწერა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოითხოვა.
"მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი გამომეტყველება, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა" - განაცხადა კადიროვმა გაბუნიას მონოლოგის კომენტირებისას. განაგრძეთ კითხვა