"რა უბნელი ხარ ბიჭო..." - კითხვა რომელსაც დიდი ტრაგედია მოჰყვა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზები ჯერ ისევ უცნობია.  ამ დრომდე ისევ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ თბილისიდან საქმის გასარჩევად საგანგებოდ ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც ავტობანზე შეხვდნენ ბიჭებს, რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. 

როგორც ირკვევა, კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო, მეორე ვერსიით, "ნახალოვკელებსა" და საბურთალოებს შორის კონფლიქტი მოჰყვა კითხვას, რომელი უბნელი ხარ, ბიჭო? კიდევ ერთი კონფლიქტი  დიჯეისა და სუფრის წევრებს შორის მოხდა.

ერთი ვერსიით, "ტოიოტა ქამრში" მყოფი თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები იყვნენ რკინის ნივთებით შეიარაღებული, თუმცა მათი  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამას უარყოფს. ის იცავს იმ  ორ სპორტსმენს, კერძოდ, "ნახალოვკელ" მორაგბეებს, რომლებიც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანით ჩავიდნენ თბილისიდან:

"ჩემი ინფორმაციით, შელაპარაკება მოჰყვა კითხვას - შენ რა უბნელი ხარო? "ნახალოვკელმა" ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს,  მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო...  ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, - ყველა უცხოსო და შეიგინა, ამას მოყვა კონფლიქტი. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ კონკრეტულად ჩხუბი ვის და ვის შორის იყო. ამირხანაშვილის, შაქარაშვილის მხარეა ეს საბურთალოელი ახალგაზრდა, თუმცა ხაზგასმით გეტყვით, რომ თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის არ ყოფილა არა თუ ჩხუბის  ინიციატორი, მონაწილეც კი..."

ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი ამბობს, რომ მისი დასაცავებისთვის სუფრიდან არავის დაურეკავს და არავის უთხოვია დახმარება, თუმცა ადასტურებს, რომ მისი დასაცავები ნახალოვკელი 24-25 წლის ახალგაზრდები არიან. ისიც 2 პირს იცავს:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიჯეისთან მოუხდათ კონფლიქტი, ეტყობა იქ რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, რეალურად გოგოს გამო მოხდა კონფლიქტი ამას ვასკვნი გამოძიების კითხვებიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, გოგოს გამო დაიწყო კონფლიქტი, საუბარი არ არის იუბილარზე, სუფრაზე მყოფ სხვა გოგოზეა ლაპარაკი. მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ბრალი ჯერ არავის აქვს წარდგენილი. ჩემს დასაცავებს ბრალს ვერ წაუყენებენ, რადგან არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ინციდენტთან, უბრალოდ მათი მანქანა დაფიქსირდა კამერებში. ვერც იმას გეტყვით ამ ეტაპზე, ის გოგო კონფლიქტშო მონაწილე რომელი მხარის მეგობარი იყო და კონკრეტულად რაზე იჩხუბეს. დაველოდოთ გამოძიებას".