''პოლიცია მოვიდა და მოზარდებს ისინი ასულიერებდნენ...'' - წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

წყალტუბოში, შენობის მიტოვებულ ნაწილში ლიფტში ჩავარდნის შედეგად დაღუპული არასრულწლოვანი 17 წლის ნინი სარალიძეა. გოგონა წყალტუბოს საჯარო სკოლაში სწავლობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგონა მეგობრებთან ერთად პირველ ივლისს, საღამოს სასეირნოდ გავიდა.

„ტრაგიკული შემთხვევა მესამე სართულზე მოხდა. იმ ტერიტორიაზე ბნელოდა, გოგოს ფეხი შეუდგამს თუ არა, ჩავარდა“.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა ამოიყვანეს.

„გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა გამოიყვანეს პირველი სართულიდან. მოზარდები შოკურ მდგომარეობაში იყვნენ და ადგილზე მისული პოლიცია წყლით და წამლით ასულიერებდა“,- უყვებიან „პრაიმტაიმს“.

 შენობა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა ხუთსართულიანია. ობიექტის ნაწილი მიტოვებული, ხოლო ნაწილში სხვადასხვა ორგანიზაცია არის განთავსებული.

 ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.