''ვარ ბისექსუალი ქალი, “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და ლგბტ ქვიარ აქტივისტი... 13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად მქონდა ქალთან ურთიერთობა...'' - 24 წლის თაკო ილურიძე

მარიამ კვარაცხელია, 27 წლის, თბილისი

ვარ ბისექსუალი ქალი, “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და ლგბტ ქვიარ აქტივისტი.

13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად მქონდა ქალთან ურთიერთობა, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო და მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, დავბლოკე ჩემს გონებაში, თითქოს არც კი მომხდარა. ბევრი ამბობს, ადრე ჰომოფობი ვიყავიო. ეგ ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა, ჰომოფობი არ ვყოფილვარ, საერთოდ არ მიფიქრია ამ საკითხზე. მე-12 კლასში აშშ-ში ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამით, პირველად იქ მყავდა ტრანსგენდერი მეგობარი, ჩემი კლასელი. ამის მერე წლები გავიდა და დაახლოებით 20 წლის ასაკში, თავიდან დავიწყე ამაზე ფიქრი, ამ ყველაფრის აღიარება, გამოვერკვიე და მივიღე საკუთარი თავი.

თავიდან ძალიან მიჭირდა. პირველ რიგში, ძალიან დიდი პრობლემა იყო ჩემნაირი ადამიანის პოვნა, სანამ ლგბტ ორგანიზაციაში მუშაობას დავიწყებდი და თემში აქტიურად ვიქნებოდი, არავინ საუბრობდა ამ თემებზე ჩემ გარშემო, ნაკლებად მყავდა ლესბოსელი და ბისექსუალი მეგობრები. გამომდინარე იქიდან, როგორ ჰეტერონორმატიულ გარემოში ვცხოვრობთ, ყოველთვის მიჩვეული ვიყავი, რომ კაცები მეფლირტავებოდნენ, თითქოს ეს იყო მარტივი და ბუნებრივი მოცემულობა და ამიტომ, თავიდან ბევრი ბარიერი და კომპლექსი მქონდა, ქალთან ურთიერთობას როცა ვცდილობდი, მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა, აქტიურობა ამ კუთხით.

ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 2013 წლის 17 მაისი იყო. მაშინ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და 17 მაისის აქციის მონიტორინგი მევალებოდა. ამ დღეს წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა ვიხილე. ვუყურებდი ათასობით გაავებულ ადამიანს, რომლებსაც სისხლი სწყუროდათ. ვნახე, როგორ უშენდნენ ქვებს და ზედ „აფრინდებოდნენ“ ვაჩნაძის ქუჩაზე ბრბოში გაჭედილ სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ლესბოსელი ქალები და თემის მხარდამჭერები იყვნენ. შემდეგ ეს ყვითელი „მარშრუტკა“ 17 მაისის ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. ერთ მომენტში, ისეთ ჭყლეტაში მოვყევი, ძირს დავეცი. ამ დღეს დავინახე, როგორ სძულთ ამ ქვეყანაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ქვიარ ადამიანები. სძულთ ისე, რომ მზად არიან, დახოცონ. ამ უსამართლობისა და ჩაგვრის დანახვამ, ჩემში აქტივისტი გააღვიძა. დავიწყე ლგბტქ საკითხების კვლევა, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. 17-მა მაისმა მომცა ძალა მეგობრებთან, თანამშრომლებთან და გარშემომყოფებთან ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად მელაპარაკა.

2015 წელს ჩავერთე ლგბტ აქტივიზმში. მოვძებნე, რა ლგბტ ორგანიზაცები არსებობდა საქართველოში იმ დროისთვის. იყო “იდენტობა” და “ლგბტ საქართველო” - პატარა ორგანიზაცია და მივწერე მაშინდელ დირექტორს, დავით მიხეილ შუბლაძეს, რომ დაინტერესებული ვიყავი, თუნდაც მოხალისეობრივად დავხმარებოდი. რამდენიმე თვეში დათომ მომწერა, რომ პროექტის მენეჯერის ვაკანსია ჰქონდათ, ეს იყო პატარა პროექტი აივ/შიდსის პრევენციაზე და ასე დავიწყე მუშაობა. მაშინ სამი ადამიანი ვმუშაობდით ამ ორგანიზაციაში, შემდეგ უკვე შეიცვალა სახელი და “თანასწორობის მოძრაობა” გახდა. წლიდან წლამდე ვიზრდებოდით, რომ წამოვედი, 40 თანამშრომელი ვიყავით უკვე და 5 რეგიონალური ოფისი გვქონდა.

ქამინგ აუთი ნელ-ნელა დავიწყე, თავიდან სამეგობრო წრეში. საბედნიეროდ, იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი და ჰომოფობი მეგობრები ნაკლებად მყავდა. ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ერთი-ერთზე დაჯდომა და იმის ახსნა, რომ მე ქალები მომწონდა, არ ყოფილა. მერე მქონდა ქამინგ აუთი რამდენიმე ნათესავთან დეიდაშვილებთან, რომელმაც კარგად ჩაიარა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2019 წელს, ჩემს ძმას ვუთხარი, ჩემს მეგობარ გოგოსაც იცნობდა, ძალიან კარგად მიიღო ეს ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი მშობლებისთვის ასე პირდაპირ არასდროს მითქვამს ჩემი ორიენტაციის შესახებ, ძალიან მრცხვენია და ვდარდობ, რომ ვერასდროს მოვიკრიბე ამის ძალა. მაგრამ რეალობა არის ასეთი - ხშირად ვჩანვარ ტელევიზორში, ყოველთვის ვსაუბრობ პირველ პირში და ვპოზიციონირდები, როგორც ქვიარ ქალი, როგორც თემის წევრი და არასდროს მილაპარაკია მესამე პირში, როგორც უფლებადამცველსა და აქტივისტს. ამას, როგორც წესი, უყურებენ ჩემი მშობლები, მაგრამ თითქოს ბლოკავენ ამ ინფორმაციას და დღემდე ფიქრობენ და სჯერათ, რომ მხოლოდ ვმუშაობ ამ თემებზე და არ ვარ ლგბტ თემის წევრი, არ უნდათ ამის აღიარება. იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან მტკივნეული გამოცდილებები, მათ შორის, ძალადობის. ამაზე სხვადასხვა სივრცეებში ვსაუბრობ ხოლმე და სამწუხაროდ, ჩემს მშობლებთან ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე არასდროს მილაპარაკია. ხანდახან მგონია, რომ რეალურად არ მიცნობენ, როგორი ვარ. ბევრი რაღაც არ იციან ჩემ შესახებ და ეს ძალიან მწყვეტს გულს. ალბათ, მეშინია მათი რეაქციისაც და ბოლომდე კომფორტის ზონიდანაც არ მინდა გამოსვლა. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ თითქოს ამ ქვეყანაში მშობლებსა და შვილებს შორის ასეთი ურთიერთობებია. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

ტელევიზორში როცა მხედავენ, როგორც წესი, ძალიან დიდი სტრესია მათთვის, სულ ტირიან და მეხვეწებიან, რომ “ამ საქმეს” თავი დავანებო, წამოვიდე ამ ლგბტ ორგანიზაციებიდან და არასამთავრობოებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თბილისში ვცხოვრობთ, ხშირად მაინც ვერ ვნახულობ, ალბათ, უფრო არ ვნახულობ. მიზანი არის, რომ კვირაში ერთხელ გავიდე, მაგრამ ეგეც მიჭირს და რთულია, რადგან სულ ჩემს ცხოვრებაზე და საქმიანობაზეა წუხილი, ძალიან გვიჭირს, რომ დავეთანხმოთ ერთმანეთს რაღაცებში. ეს მარტო ლგბტ საკითხებს არა, პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება და იმდენად სტრესულია ეს კომუნიკაცია, ზოგჯერ ვცდილობ, თავი ავარიდო. ალბათ, ორმაგად ბედნიერი და ძლიერი ვიქნებოდი, ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ მქონდეს. არ ვიცი, შეიძლება ოდესმე ეგეც მოხდეს.

ჩემთვის ძალიან რთულია, ვიყო აქტივისტი. ძალიან მძიმეა, იყო ხილვადი, თან ასეთ სენსიტიურ თემაზე. არ მინდა ხოლმე ტელევიზორში გამოჩენა და საჯაროობა, არ მივისწრაფვი ამისკენ, უბრალოდ, ჩემი თანაგუნდელები მეუბნებიან, რომ მე უნდა მივიდე, რადგან სხვა არავინ არის. იშვიათად არიან ლგბტ აქტივისტები, რომლებიც პირველ პირში ილაპარაკებენ და ტელევიზორში გამოჩენაზე იქნებიან თანახმა. სულ ვგრძნობ ამ ზეწოლას, რომ მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, სანამ ახალი და ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, უფრო მეტი სანამ ვიქნებით. ამას ემატება ოჯახისგან და ნათესავებისგან დიდი წნეხი, რატო ვაკეთებ ამას, რა მჭირს...

ამას წინათ მქონდა მეზობელთან ძალიან ცუდი შემთხვევა. 18 მაისს, ამ 17 მაისის მეორე დღეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, ქვედა მეზობელი მომვარდა ყვირილით, ფიზიკურადაც იწევდა. მიზეზი ფორმალურად იყო ის, რომ მუსიკა მქონდა ჩართული წინა დღეს და შეწუხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმიანობა იყო მისთვის პრობლემა, ჩემი ბინის მეპატრონემაც მითხრა, დამირეკა ამასთან დაკავშირებითო. სავარაუდოდ, 17 მაისს მნახა სატელევიზიო ეთერში. ისეთი მძიმე გამოცდილება იყო მისი ყვირილი, გინება, შეურაცხყოფა, ძალიან შემეშინდა. ფიზიკურადაც რომ იწევდა, მომიწია, პოლიციისთვის დამერეკა და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ერთი თვე გავიდა და შეხება არ გვქონია, იმედია, ასე გაგრძელდება.

უკვე სამი კვირაა,“თბილისი პრაიდის” ოფისთან, ყოველდღე იმართება აქციები. ადამიანები დგანან რაღაც ბანერებით, რომლებზეც სიძულვილის შემცველი მესიჯები აქვთ გამოტანილი და ჩვენს არსებობასა და საქმიანობას აპროტესტებენ. ძალიან დამთრგუნველია ყოველდღე ამ ოფისში შესვლა და იქიდან გამოსვლა, ამ ხალხის მოწყობილ სირცხვილის კორიდორში გიწევს გავლა და შეძახილების მოსმენა. ასევე დამთრგუნველია, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეკითხებიან, რას ვსაქმიანობ და სად ვმუშაობ. მეშინია, ვთქვა, არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება იქნება და შეიძლება აგრესია წამოვიდეს. მე სისგენდერი ქალი ვარ და არ მაქვს ისეთი თვითგამოხატვა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი რომ გავხდე, ამ კუთხით, ნამდვილად პრივილეგირებული ვარ. არ მქონია პრობლემები ჩემი გარეგნობის, გენდერული იდენტობის ან თვითგამოხატვის გამო, თუმცა, როცა საქმე აქტივისტობას ეხება და ამ კუთხით ხილვადობას, ჩემთვის აქ არის ბარიერები. მიუხედავად ყველაფრისა, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და სადაც ყველაზე მოტივირებული ვარ. ვერც წარმომიდგენია, რომ სხვა სფეროში გადავინაცვლო. ეს მარტო საქმე არაა, თითქოს ჩემი, ჩემი მეგობრებისა და იმ ადამიანების ცხოვრებისთვის ვიბრძვი, რომლებიც ამ ნიშნით იჩაგრებიან.

რითაც ვამაყობ, არის ის, რომ ძალიან ბევრი თემის წევრი მომმართავს ხოლმე, მადლობას მეუბნებიან იმისთვის, რასაც ვაკეთებ. მწერენ, რომ ჩემს ყოველ გამოსვლას თვალს ადევნებენ და მგულშემატკივრობენ. ეს ხილვადობა მაძლევს საშუალებას, რომ ადამიანები ჩემზე გამოვიდნენ და დავეხმარო. ვარ პრივილეგირებული ადამიანი და მე რა რესურსებიცა და შესაძლებლობებიც მაქვს, ბევრ თემის წევრს ეს არ აქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ გამოვიყენო.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ რეჟიმში ცხოვრება, ვცდილობ, პროფესიულადაც განვვითარდე. ახლაც სიახლე მაქვს ამ კუთხით - დიდ ბრიტანეთში, ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში მივდივარ სასწავლებლად ერთი წლით, სრული დაფინანსებით. ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ მაღალი კონკურსი იყო. თან კიდე ის მომენტი მქონდა, რომ ჩემი აზრით, ცოტა ხანს შესვენება მჭირდება. მინდა გადმოვცე, რა რთული იყო და რა გამოვიარეთ 2019 წელს თბილისი პრაიდის ორგანიზებისას, არ ვიცი, როგორ უნდა შეიგრძნოს ეს სხვა ადამიანმა, მაგრამ ურთულესი იყო და ფაქტობრივად, ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიწირა ამ პროცესმა, იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, რომ რამდენიმე თვე ფსიქიატრთან დავდიოდი და მედიკამენტებს ვიღებდი, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი.

გადავწყვიტეთ, რომ “თბილისი პრაიდი” გაგვეკეთებინა, დავიწყეთ ამის ორგანიზება, დავაანონსეთ და იქიდან მოყოლებული, ყველა ფრონტზე ვიბრძოდით. კონსერვატორული თუ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მიჩვეული ვართ აგრესიას, მაგრამ, მეორეს მხრივ, სახელწიფოს დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ არარაობად ვგრძნობდი თავს. შეხვედრებზე ვეხვეწებოდით, რომ ჩვენც გვქონდა უფლება ქუჩაში გამოსვლის, რომ კონსტიტუციაში წერია და საჯარო სივრციდან ასე არ უნდა ვირიყებოდეთ. ფაქტობრივად, სახელმწიფო ამ ყველაფერში არ გვეთანხმებოდა, არაპირდაპირ გვიკრძალავდა გამოსვლას და აქეთ ახდენდა ზეწოლას, რომ გაგვეუქმებინა ღირსების მარში. ამავდროულად, ქვიარ აქტივისტებსა და თემის წევრებშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ თემაზე და ეს ჩემთვის ყოველთვის უფრო მძიმეა, ვიდრე იქ ვიღაც ფაშისტების გინება და კომენტარები. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები არიან ჩემი თანამებრძოლები და ის ხალხი, ვის აზრსაც პატივს ვცემ და როდესაც მათთან არის კონფლიქტი, დაძაბულობა და აზრთა სხვადასხვაობა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და ყველაზე მეტად ამას განვიცდიდი. სიცოცხლის მოსპობის მუქარები მივიღეთ პრაიდის ორგანიზატორებმა, მათ შორის, მეც. მწერდნენ, რომ მომკლავდნენ, თუ არ გავჩერდებოდით, ეს ამბავი ერთი წლის თავზეც არ არის გამოძიებული... პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, ყველაზე აქტიური და დაძაბული დღე როცა გვქონდა, მაგ დღეს მივიღეთ ეს მუქარები და ოფისსაც შემოარტყეს ალყა მღვდლებმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა, ევაკუაცია მოგვიწია და სხვა ორგანიზაციის ოფისში შესახლება. ამ დროს, ქუჩებში რაღაც ალტერნატიული დაჯგუფებები ფორმირდებოდნენ, კომბლებით დადიოდნენ ადამიანები და თემის წევრებს ემუქრებოდნენ. თან გრძნობ, რომ გარკვეულწილად, შენი პასუხისმგებლობაცაა ეს იმიტომ, რომ შენ წამოიწყე ეს პროცესი. ეს ყველაფერი იყო დამთრგუნველი და მძიმე ჩემთვის, ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

ამ გამოცდილებამ შემცვალა და ისეთი მარიამი ვეღარასდროს ვიქნები, როგორიც მანამდე ვიყავი. სულ ვამბობ, რომ 2015 წლამდე, სანამ აქტივიზმში აქტიურად ჩავერთვებოდი, ვიყავი ერთი ლაღი, უდარდელი გოგო, რომელმაც არც დეპრესია იცოდა რა იყო და არც ცუდად ყოფნა. მერე ძალიან შეიცვალა ყველაფერი, სულ იმ უსამართლობებსა და ჩაგვრებზე ფიქრობ, რაც ხდება. ელემენტარული ჭეშმარიტებების ახსნა გიწევს ადამიანებისთვის, რომ ორ ზრდასრულ ადამიანს შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი. რას ვაშავებთ და რატო არ შეგვიძლია, როცა აბსოლუტურად წრფელი სიყვარულით მიყვარს ჩემი შეყვარებული ქალი. მიუხედავად ახსნისა, მაინც რომ კატეგორიული წინააღმდეგობა მოდის. ასევე პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძოლის შედეგებს ყოველდღიურად ვერ ხედავ, წლები სჭირდება ამ აქტივიზმს, თუმცა ნამდვილად არ უარვყოფ, რომ პროგრესი გვაქვს. მჯერა, რომ სწორი გზით მივდივართ და აქტივიზმი, ბრძოლა და ამ ყველაფერზე საუბარი არის გამოსავალი, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც გადის და გინდა, რომ მალე მოხდეს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთხელ ცხოვრობ და 50 წელში რაღაცის მიღწევა ძალიან გეშორება. არის ხოლმე ამ ბრძოლაში ბევრი იმედგაცრუება, პრობლემები და ეს ძალიან მოქმედებს. იმედია, ჩვენი მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება. მე ვხედავ ამას, უფრო მეტი ადამიანი ერთვება, უფრო მეტი აკეთებს ქამინგ აუთს, საუბრობს ამ ყველაფერზე, უბრალოდ, მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ხდებოდეს ეს ყველაფერი.

ახლა ცოტა ხანს დავისვენებ, გარედან დავინახავ ბევრ რამეს, გადავაფასებ, გადავიაზრებ, გაცილებით უფრო გაძლიერებული დავბრუნდები და კიდევ უფრო აქტიურად შევუტევ ჰომოფობიას.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: გედა დარჩია