"მოკლედ, ძალიან აუტანელია უკვე ამდენი, რბილად რომ ვთქვა, უცნაურობა და, ცოტა უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, ტყუილი გამოკითხვის ოქმებში... აგერაა ნაცემი გიორგი ქათამაძის ფოტო..." - ვახო სანაია ახალ ინფორმაციას ასაჯაროვებს

მოკლედ, ძალიან აუტანელია უკვე ამდენი, რბილად რომ ვთქვა, უცნაურობა და, ცოტა უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, ტყუილი გამოკითხვის ოქმებში.

საერთოდ, ზოგადად ყველა გამოკითხვა იწყება წინადადებით - ,,გაფრთხილებული ვარ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ." თუ ტყუილად წერია ოქმებში ეს სიტყვები, ეგეც ვიცოდეთ ბარემ.

ტაქსის მძღოლი კახა სანდოძე, რომელიც თბილისიდან მცხეთაში გაგზავნეს გიორგი ქათამაძისა და ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად, გამოკითხვის დროს ამბობს:

,,როდესაც ჩემს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში ჩასხდნენ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, მათ თქვეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ, ხოლო ჩხუბის შესახებ სხვა არაფერი უთქვამთ ჩემთვის, არც მე მიკითხავს. ასევე ვიზუალურად ტანსაცმელსა და სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შემიმჩნევია"

იქვე ამბობს:

,,ვახტან ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ ჩემი ავტომანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის ავტომანქანა, უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი..."

ესე იგი, აგერაა ნაცემი გიორგი ქათამაძის ფოტო. ეს კაცი რომ ჩაგიჯდება მანქანაში, შესაძლებელია, რომ მის სახეზე დაზიანება ვერ შენიშნო ?! ახვლედიანიც ნაცემი იყო.

ანუ ქათამაძეს დაზიანებას ვერ ამჩნევ, მაგრამ უკანა ხედვის სარკეში ცნობ მეორე მანქანაში შენს უბნელს.

ცოტა აზრზე მოდით. 19 წლის ბიჭია მკვდარი !

 

როდესაც გიორგი შაქარაშვილი ხიდის ქვეშ ჩავიდა, ის გარბოდა ყველაზე წინ. მის უკან იყვნენ ახვლედიანი და ამირხანაშვილი. მდევრები მათ ვერ დაეწეოდნენ, რადგან ამირხანაშვილმაც და ახვლედიანმაც მოახერხეს დამალვა. ამირხანაშვილი როგორც ჰყვება, მას მხოლოდ მოგვიანებით მიაგნეს. ლოგიკურად კიდევ უფრო მეტად უნდა გასჭირვებოდათ შაქარაშვილის დაჭერა, რადგან სწრაფი იყო და წინ მირბოდა. აქედან გამომდინარე ჩემი მთავარი შეკითხვა, რომელიც გუშინაც დავსვი გადაცემაში, არის შემდეგი - ტოიოტას მგზავრებიდან ერთი ან რამდენიმე ხომ არ დახვდა მას წინიდან.

სულ ორი ვარიანტია - ან შაქარაშვილმა გადაუხვია ხევში ან გააგრძელა სირბილი მოასფალტებულ გზაზე, ხიდის ქვეშ, რომელიც ისევ ცენტრალურ მაგისტრალზე ამოდის. თუ მას წინიდან დახვდებოდა ერთ-ერთი მაინც, ადვილად დაიჭერდა.

რაც შეეხება ხევში გადახვევას. როგორც გუშინ ექსპერტმა თქვა, იქ გადავარდნის შემთხვევაში ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონოდა შინაგანი ორგანოების დაზიანება, რაც შაქარაშვილს არა აქვს, სამაგიეროდ, აქვს სხვა სახის არა ერთი დაზიანება, რომელიც წყალში არ მიუღია. ლოგიკურად რჩება ცემის ვარიანტი. ცემისთვის კი საჭირო იყო მისი დაჭერა. ამიტომ ვერსია, რომ მას ვიღაც მეორე მხრიდან დახვდა, სრულიად რეალურია.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა. გნებავთ, ჟურნალისტის შეკითხვა, რომელსაც საბოლოოდ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.