"ვიღებდი ფსიქოტროპულ პრეპარატებს... ექიმებს ვერჩოდი, მოსაკლავად ვიმეტებდი... გიჟიაო, ჩემზე ამბობდნენ. ყველაფერი თავზე ჩამომენგრ... ბევრჯერ სუიციდის მცდელობაც მქონია" - 19 წლის ლიკა შიოლაშვილის გულახდილი აღიარება

ძალიან ლამაზ, გონიერ, ზღვისფერთვალება, სულ რაღაც 19 წლის გოგოს ასეთი რთული ცხოვრება თუ ექნებოდა გავლილი, წარმოუდგენელიც კია.

 

არასწორად დანიშნულმა მკურნალობამ ფსქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული გახადა – 8 წლისა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რამაც დიდი დამღა დაასვა მის ცხოვრებას. მშობლებმა ფსიქიატრთან მიიყვანეს და აქედან დაიწყო ურთულესი, უამრავი წინააღმდეგობით სავსე გზა…

ლიკა შიოლაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ღიად ისაუბრა თავის უკვე წარსულ პრობლემებზე.

– ჩემი პრობლემები გამოწვეული იყო არასწორად დანიშნული მკურნალობის შედეგად. უკვე ძალიან პატარა ასაკში მქონდა პოსტტრავმული მდგომარეობა – 8 წლის ასაკში წავაწყდი რაღაც ისეთს, რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია და ამის შემდეგ პერიოდულად მემართებოდა პანიკური შეტევები. მშობლებმა მიმიყვანეს ექიმთან – ფსიქიატრთან, რომელმაც დამინიშნა არასწორი მკურნალობა და ვიღებდი ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად დავდიოდი ფსიქოლოგთანაც. რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ვძლებდი დიაზეპამისა და ქლორაზეპამის გარეშე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი პერიოდი არ მახსოვს. მქონია საშინელი აგრესია, მაგრამ არც ეს მახსოვს, შემდეგ ვიგებდი მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან. რამდენჯერმე მქონდა „პერედოზიც“ და არც ეს მახსოვს. სასწრაფო გამოუძახებიათ, როცა ცუდად ვხდებოდი და ექიმებს ვერჩოდი, მოსაკლავად ვიმეტებდი. იმდენად არასწორად ეპყრობიან თავად ექიმებიც კი ჩემნაირ პაციენტებს, რომ ეს გაღიზიანებას იწვევდა და აგრესიული ვხდებოდი.

მეგონა, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა – გაღიზიანება და აგრესია გამოწვეული იყო პირადი პრობლემების გამო. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ვხედავდი და თურმე, პირიქით ყოფილა, – რეალურად, ჩემი პირადი პრობლემები მოდიოდა ამ პრეპარატებიდან.

ერთ-ერთი ცენტრის ფსიქიატრმა, სადაც არ ვმკურნალობდი, მაგრამ ამ ექიმთან უბრალოდ, ვმეგობრობდი, მითხრა ასეთი ფრაზა: როცა მიხვდები, რომ საშველი აღარ გაქვს, მოხვალ და შემეხვეწები, რომ გიშველო, რადგან შენ გაქვს პრობლემა და გჭირდება მკურნალობა და შველაო.

ზუსტად ერთ კვირაში დავურეკე და ვუთხარი, – მიშველე, ცუდად ვარ-მეთქი. განაგრძეთ კითხვა