"მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა, დახმარებას ითხოვდნენ... ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს"

როგორც ირკვევა, დღეს, მდინარე მტკვარში მაშველების მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდები –  ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარების წინა დღეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

ბარ Bauhaus-ის გაუჩინარებულ და გარდაცვლილ თანამშრომლის შესახებ ის წერს, რომ მათ 14 აგვისტოს, საღამოს შეხვდა.

„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად  დავეხმარებოდით.

ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც…

ანუ 14 აგვისტოს, თან ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი.

არ მჯერა, სადმე იქნებიან, ალბათ.

მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, დაახლოებით, 05:00 საათზე ბარ Bauhaus-ის ორი თანამშრომელი – ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე სამუშაო ადგილიდან რამდენიმე წუთით, გარეთ გავიდნენ.

გაუჩინარების გამო, ბარის სხვა თანამშრომლებმა და დაკარგულების ახლობლებმა ძებნა დაიწყეს. თუმცა დღეს, 17 აგვისტოს, მაშველებმა მათი ცხედრები მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს.