არჩევნების მეორე დღესვე საგანგებო მდგომარეობა არ აგვცდება - რას წერს შტუტგარტის კლინიკის ქართველი ექიმი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე

შტუტგარტის კლინიკის ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში წერილს საქართველოშ შექმნილ ეპიდვითარებაზე აქვეყნებს. გერმანიაში მცხოვრები ნინო ნაცვალაძე ​საქართველოში არჩევნების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ვარაუდობს და ის ქართულ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. აცხადებს, რომ საქართველო პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა.

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია კორონაზე … ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და გისმენდით … დღეს ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში. მე არ ვიცი როგორაა გათვლილი და დათვლილი საქართველოში სამედიცინო რესურსები, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო და უმართავი ხდება.

სამწუხაროდ, ეს არც მიკვირს… არანაირი წინასწარმეტყველება და დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა დღევანდელ მდგომარეობას. ამას ფიქრობდა ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა SARS-CoV-2 ვირუსთან, ვინც დაინახა, რა ძალებით და და რა რესურსებით, რამხელა დანაკარგებით, რა ძნელად უმკლავდებოდა განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემას. და როცა დიდ გამოწვევას ემატება ქვეყნის საკმაოდ მწირი სამედიცინო რესურსები, ცალკეული, არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯები და საზოგადოების დიდი ნაწილის უდისციპლინობა და უპასუხისმგებლობა, მოლოდინი და შედეგიც გასაგები და წარმოსადგენია.

მე არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გაკეთდა გერმანიაში ზაფხულის განმავლობაში, როგორ გადააწყვეს კიდევ ერთხელ კლინიკები, როგორ ხდებოდა მომზადებული კადრების გადამზადება, როგორი სიფრთხილით და საფუძვლიანი შიშით უყურებდნენ შემოდგომა-ზამთრის მოახლოებას… და ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთეულ შემთხვევებს ითვლიდნენ და თავდაჯერებით საუბრობდნენ ქვეყნის მზადყოფნაზე. მაშინაც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო დაავადებას, მძლავრ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდებოდა, თუმცა ნამდვილად წარმატებით ართმევდა თავს ინფექციის შეკავების ფაზას.

ახლაც არ მჯერა , რომ „პირველადი რგოლები”, რომლებიც სახლში თუ „ცხელების ცენტრში” მყოფ, საშუალო სიმძიმის პ-ის მართვაზე აგებენ პასუხს, ეფექტურად მუშაობენ ან საკმარისია რაოდენობა იმ ექიმებისა, განსაკუთრებით პერიფერიებზე, რომლების ამ ვირუსით გამოწვეულ გართულებებს ადეკვატურად მართავენ.  არც ის მიკვირს, როცა ლეტალობის მიზეზი სულ ერთი და იგივეა: „ასაკი, დიაბეტი და გულის უკმარისობა”. უპირველესი და მთავარია, საკმარისი და მომზადებული მედპერსონალი, და ამის შემდეგაა სალაპარაკო, მარაგი და რაოდენობა ეკიპირების და სასუნთქი აპარატების, რომელსაც ისევ გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალი სჭირდება. მე ასე მგონია, და ღმერთმა ქნას ვცდებოდე …. განაგრძეთ კითხვა