რა მოხდება ხვალ, დილის ცხრის ნახევარზე... ცოლად რომ მომყავდი, რას ვიფიქრებდი, რომ ასე შემაწუხებდი...
- 25/10/20
- 1272 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართული ენისა და გრამატიკის მასწავლებელი ნინო გიორგაძე ოჯახურ გარემოში დისტანციური სწავლების სირთულეებზე იუმორისტულ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„რა მოხდება ხვალ, დილის ცხრის ნახევარზე?
დავიწყებ გაკვეთილს ჯერ საძინებლიდან (განსახილველი თემაა სერიები და მწკრივები).
კაკო მოსწავლეებზე მალე აითვისებს ზმნის უღლებას და დაიწყებს:
უკვე მაწუხებ!
გუშინაც, გუშინწინაც, იმის წინაც და კიდევ იმის, იმის წინაც მაწუხებდი!
სულ შენი გაკვეთილებით როგორ უნდა მაწუხებდე?
მეორე სემესტრშიც ასე შემაწუხებ?
ცოლად რომ მომყავდი, რას ვიფიქრებდი, რომ ასე შემაწუხებდი?
ნეტავ, 2023 წელსაც არ შემაწუხებდე.
მიადგა II სერიას:
ამ გრამატიკით უკვე ძალიან შემაწუხე!
გახსნან სკოლები,რომ აღარ შემაწუხო!
გადადის III სერიაზე:
ზმნას ჯერ ასე არ შევუწუხებივარ!
ამ დილას აუცილებლად მწკრივებით უნდა შეგეწუხებინე,ხომ?
ნინო, ცხოვრებაში ასე არავინ შეგეწუხებინოს!
2) გავდივარ მისაღებ ოთახში და ვაგრძელებ გაკვეთილს. დათუნას ოთახიდან მესმის (ნახევრად სძინავს და ძირითადად აწმყოს წრეში ტრიალებს):
დე, კარს რატომ არ კეტავ?
აქამდე ჩემს კარს ხომ კეტავდი?
ნეტავ,კარს კეტავდე ხოლმე რა?
3) ვშორდები დათუნას ოთახის კარს და ახლა ბაჩას უკმაყოფილო II კავშირებითი მამუნათებს:
დე, ხვალაც ცხრის ნახევარზე უნდა გამაღვიძო?
4) გავდივარ სამზარეულოში.
5) წუთში კაკოც, ბაჩაც, დათუნაც შემოდიან უკმაყოფილო სახეებით და თან შემოიყოლებენ მის უდიდებულესობა I თურმეობითსაც:
ამ სახლში გრამატიკის გარეშე კაცს ყავაც ვერ დაგილევია!
ხვალ იყო ომი!” – წერს მასწავლებელი სოციალურ ქსელში.