რამდენი ხანი უნდა იდგეთ რიგში იმისათვის, რომ ბიძინა კულუმბეგოვთავ ვიზიტზე მიხვიდეთ

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სახალისო აუდიოჩანაწერმა, გარდა იმისა, რომ საზოგადოება გაამხიარულა, ერთგვარი კამათიც გააჩაღა. ქსელის მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ექიმთან ვიზიტამდე 2-3-თვიანი ლოდინი ნორმალური და მისაღებია და აქ საგანგაშო, მით უფრო სასაცილო, არაფერია.

„პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერის კომენტარებში სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა – „თქვენ ეტყობა კულუმბეგოვთან არ ჩაწერილხართ“, „4 თვეში მიწევს მისვლა“. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს დავკავშირებოდით.

როგორც აღმოჩნდა, მას ქსელში გავრცელებული ჩანაწერი ნანახი ჰქონდა და გვითხრა, რომ არც კი გაჰღიმებია.

„ეს ჩემთვის ბუნებრივი პროცესია, ჩანაწერს ღიმილიც არ მოუგვრია. ახლა ჩემთან რომ დარეკოთ, იანვრის ბოლოსაა თავისუფალი ადგილი. ამიტომ, როცა პაციენტი გადაუდებელია და რამე სჭირდება, იმავე ან მეორე დღეს ცოცხალ რიგში ვიბარებ. ვინც გადაუდებელია მიკავშირდებიან, ან პირდაპირ კლინიკაში მოდიან, ვცდილობ, რომ დღეში 10-15 პაციენტი მივიღო ყოველგვარი ჩაწერის გარეშე. იანვარში მოდის ის პაციენტი, ვისაც გეგმიური ვიზიტი აქვს დაგეგმილი“, – განმარტავს ექიმი.

კითხვაზე, 3 თვის შემდეგ ექიმთან ვიზიტს აზრი ხომ არ ეკარგება, კულუმბეგოვი გვპასუხობს:

„თუ ადამიანს აქვს სეზონური ალერგია, რომელიც მცენარეების ყვავილობასთანაა დაკავშირებული და მოითავა, ეწერება და მოდის 3 თვეში, გამოდის, რომ მომდევნო წელს მომზადებული ხვდება. ვთქვათ, კანის ქრონიკული დაავადებაა (დიათეზი), რომელსაც პედიატრიც მკურნალობს, ის ელოდება ჩემთან რიგს, რომ მოვიდეს და მიზეზების ძიება დავიწყოთ“.