თმები ყალყზე დამიდგა - რამ დაუყენა ნიკა მელიას თმა ყალყზე

ფონოგრამა შეეშალათ, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღერ „თბილისოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„სცენასთან ვიდექი და მეც გამიკვირდა. ფონოგრამა შეეშალათ. ადამიანმა თქვა, შემეშალა ფონოგრამაო. მე არ მინერვიულია, მაგრამ ბატონმა ბუბამ ინერვიულა. აშკარად არ იყო დაგეგმილი. შეეშალა ფონოგრამა და აღიარა ადამიანმა. სამწუხაროა, მაგრამ ბუბა კიკაბიძეს ეპატიება ეს. ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახი, ქართველი, რუსი თუ სხვა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გაუხარებია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თმები ყალყზე დამიდგა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა. რის შემდეგაც განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. კიკაბიძის თქმით, „ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად ვიმღერე, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო“.